პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც მთავრობის წარმომადგენლებს უსმენენ, კამათის ფონზე მიმდინარეობს. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ სხდომაზე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ხეების გადასატანად სახელმწიფო რესურსს იყენებს. ამასთან, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი ხეების გადატანას პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა.
,,ჩვენი მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფულის რა თანხა უჯდება ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ მოთხაროს ასწლოვანი ხეები და გადაიტანოს საკუთარ კარ-მიდამოში. რა ეკოლოგიური ზიანი ადგება ჩვენს ქვეყანას იმ საქმიანობით, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, რისთვისაც იყენებს მთელ სახელმწიფო რესურსს, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობისა და პოლიციის რესურსს. უნდა აღვნიშნო შემზარავი ფაქტი, პოლიციელი გარდაიცვალა იმ დროს, როდესაც ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი ხეების გადატანა, კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიხოცოს“,_ აღნიშნა ბოკუჩავამ.
აღნიშნულ ბრალდებას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია გამოეხმაურა. გაბუნიამ ბოკუჩავას ბრალდებას ამაზრზენი ტყუილი უწოდა.
,,არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ ამაზრზენ ტყუილს, რომელიც ქალბატონი ბოკუჩავას მხრიდან გაჟღერდა, კერძოდ, პოლიციელის მკვლელობის დანაშაული თინა ბოკუჩავამ, ,,ნაციონალური მოძრაობის“ სტილში, ფაბრიკაციით, დეზინფორმაციის გზით, უსინდისო ტყუილის გამოყენებით, დაუკავშირა ხის გადატანის პროცესს, რაც არის უსინდისო ტყუილი. ეს არის აბსოლუტურად ალოგიკური და დაუსაბუთებელი ბრალდება. ხის გადატანა და პოლიციელის მკვლელობა აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან და ამ დანაშაულში ბრალდებული კონკრეტული პირი არის დაკავებული. ეს არის ის უსინდისო ტყუილი, რომლის საშუალებითაც ქალბატონი ბოკუჩავა ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, _განაცხადა გაბუნიამ.