იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დროებითი მთავრობის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე, ჟურნალისტებთან ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება გააკეთა. კერძოდ, მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობას დატოვებს ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერად დარჩება, თუმცა, პარალელურად, მიანიშნებს, რომ პოსტის დატოვების შემთხვევაში, ქვეყანა მისი სახით ძლიერ ოპოზიციურ ძალას შეიძენს:
,,ნურავის ექნება ილუზია _ ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდამჭერი, ვიქნები შიგნით თუ ვიქნები გარეთ. ამიტომ, ოპონენტებისთვის ჩემი შიგნით თუ გარეთ ყოფნით არაფერი იცვლება, პირიქით, გარეთ უფრო თავისუფალი, მოქმედი პირი ვიქნები, უფრო ძლიერი, რადგან სტატუსი არ მექნება და კიდევ უფრო შემტევი, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ამ ქვეყანას უფრო სერიოზული და ძლიერი ოპოზიცია სჭირდება”,_თქვა წულუკიანმა.
წულუკიანის სიტყვები პოლიტოლოგმა, სოსო ცინცაძემ ,,გურია ნიუსთან“ მუქარის შემცველ განცხადებად შეაფასა. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის განცხადება ორაზროვანია და კითხვის ნიშნებს აჩენს. ამასთან, ცინცაძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი, ერთ შემთხვევაში, შენიღბულად ემუქრებოდა გუნდის წევრებს, რომ ოპოზიციაში გადაინაცვლებს და ყველაფერს იტყვის, მეორე შემთხვევაში, კი აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნებისთვის“ მოკვდება.
,,იუსტიციის მინისტრმა თქვა, მე თუ მომხსნიან თანამდებობიდან, თავისუფალი ვიქნები და განცხადებებს ღიად გავაკეთებო, პარალელურად ამბობდა, რომ ხელისუფლების მომხრეა. როგორც ჩანს, რეალობის რელსებს არის აცდენილი. ერთი მხრივ, ამბობს, რასაც მინდა იმას ვიტყვიო და მეორე მხრივ, კი ,,ქართული ოცნების“ მომხრედ მოვკვდებიო. ერთი ხელით, შენიღბულად იმუქრებოდა, მეორეთი კი ამბობდა, ჩემნაირი ერთგული ,,ქართულ ოცნებაში“ არავინ გეყოლებათო“,_თქვა ცინცაძემ.
განსხვავებულად ფიქრობს კონსტიტუციონალისტი და პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე. ძაბირაძის თქმით, წულუკიანი ოპოზიციასთან დაკავშირებით საეჭვოდ საუბრობს, თუმცა, მისი თქმით, წულუკიანი მომავალში ,,ქართული ოცნების“ გულშემატკივრად დარჩება.
,,ყურს ნამდვილად ცუდად ხვდება წულუკიანის განცხადება ოპოზიციასთან დაკავშირებით, მაგრამ, როცა ამბობს, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია, არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციაში წასვლაზე ფიქრობს. მანამდე ამბობს ,,ქართულ ოცნებაში“ ვრჩებიო, ამიტომ აქ ლოგიკა არ არის“,_ გვითხრა ძაბირაძემ.
ამ დრომდე, იუსტიციის მინისტრის გადადგომას სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, რადგან, მათი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი თეა წულუკიანია. დატოვებს თუ არა იუსტიციის მინისტრი თანამდებობას და გადაინაცვლებს თუ არა ოპოზიციაში, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რაც, სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტის სავარძლის შენარჩუნებაზე იქნება დამოკიდებული.