“როცა წერ სოციალურ ქსელში ტექსტს, რომელიც სავსეა ზიზღით, როგორ შეიძლება ღმერთმა ასეთი თხოვნა შეასრულოს?! ასეთმა შეიძლება მიაღწიოს გამოხატვის თავისუფლებას და ამით იყოს კმაყოფილი, მაგრამ სინამდვილეში ეს მონობაა” , _ ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა:
„დღესაც ხშირია მსგავსი რჩევები, მოიარე თორმეტი ეკლესია ფეხშიშველმა, მოიარე სალოცავები, ჩაატარე რიტუალები, ასე გვგონია, რომ რიტუალების აღსრულებით ვემსახურებით ქრისტეს. რამდენი რიტუალიც არ უნდა შეასრულო, თუ ეს მხოლოდ გარეგნულადაა სწორად ჩატარებული, უფალი წყალობას ვერ მოგცემს. ან მწირ წყალობას მიიღებთ, რადგან ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი. ამაზე დავფიქრდეთ, რამე ხომ არაა ცხოვრებაში, რაც უნდა შევცვალოთ. ესაა პირადი, თუ თუნდაც საქვეყნო საქმეები.
როდესაც გვაქვს სიძულვილი, უხეშობა, უსიყვარულობა ჩვენს გულში, უფალი ჩვენს თხოვნას არ შეასრულებს. შეიძლება არ იყოს სიძულვილი, მაგრამ იყოს გულგრილობა. თქვენც ხედავთ როგორი ხშირია, როცა მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვხედავთ ასეთ დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, უხეშობას, უცენზურობას. აფექტის დროს შეიძლება წამოსცდეს ადამიანს მსგავსი სიტყვები, მაგრამ როცა წერს სოციალურ ქსელში ტექსტს, რომელიც სავსეა ზიზღით, როგორ შეიძლება ღმერთმა ასეთი თხოვნა შეუსრულოს, რა თქმა უნდა არა, არასდროს შეასრულებს.
ასეთმა შეიძლება მიაღწიოს გამოხატვის თავისუფლებას და ამით იყოს კმაყოფილი, მაგრამ სინამდვილეში ეს მონობაა. თავისუფლებაა, როდესაც დავძლევთ ჩვენს სიძულვილს, უხეშობას, უკულტურობას და ვიმარჯვებთ ამ თვისებებზე. ვიმარჯვებთ და შემდეგ ვიღებთ ღვთის მადლს,” _ განაცხადა მეუფე შიომ.