შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზახეთის მიერ ძებნილი პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე 11 ივნისს დააკავეს, ყაზახ სამართალდამცველებს გადასცა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყაზახეთის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ბ.ლ., ასტანის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით 2014 წლის 8 სექტემბრიდან იძებნებოდა. მას ბრალად ედება ყაჩაღობა და მკვლელობა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბ.ლ. მიმდინარე წლის 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი აქციას უერთდებოდა. აღნიშნულმა პირმა, მისი ვინაობის დადგენისას, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის დააკავეს. პირადი ჩხრეკისას, ბ.ლ.-ს ცივი იარაღი – დანა აღმოაჩნდა.
დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლ0ომ 10-დღიანი ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა, რის შემდეგაც მის მიმართ მთავარმა პროკურატურამ საექტრადიციო პროცედურები განაახლა.
აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, ყაჩაღობისა და მკვლელობისთვის ძებნილი ბ.ლ.-ს ექსტრადირება ყაზახეთის რესპუბლიკაში, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდა”,- წერია განცხადებაში.