პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიის სახელით უნდობლობას უცხადებს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის კაბინეტს და აცხადებს, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც წინა სამთავრობო კაბინეტების მუშაობის შედეგი.
,,როგორი წარუმატებელი იყო ბიძინა ივანიშვილის წინა კაბინეტი, ისეთივე წარუმატებელი იქნება ბატონი ბახტაძის კაბინეტიც და ალბათ, გაინტერესებთ, რატომ არის ჩვენი პროგნოზი ასეთი პესიმისტური. ჯერ კიდევ დეკემბერში, როდესაც ბატონმა კვირიკაშვილმა წარმოადგინა ახალი მთავრობა და მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმა, მაშინაც იყო ხსენებული თვითონ ბატონი ბახტაძის მიერ ტერმინი მცირე მთავრობა, მაგრამ ისევე, როგორც დღეს, მაშინაც მცირე მთავრობის იდეა არასწორად იქნა ინტერპრეტირებული ბახტაძის მიერ. ეს არ არის, უბრალოდ, ადმინისტრაციული ხარჯის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება, მცირე მთავრობა არ ნიშნავს, უბრალოდ, ბიუროკრატიის შემცირებას, მცირე მთავრობა არ ნიშნავს სამინისტროების რიცხვზე კამათსა და დავას. მცირე მთავრობა ნიშნავს ნაკლებ გადასახადსა და ნაკლებ რეგულირებას, როდესაც მთავრობა ნაკლებად ერევა ადამიანების ცხოვრებაში და ეკონომიკაში“, _ განაცხადა ჭიაბერაშვილმა.