საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ირაკლი მენაღარიშვილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ სიაში გარდაცვლილი ადამიანები ჰყავთ შეყვანილი შესაბამისმა უწყებებმა პასუხი უნდა აგონ. ამასთან, მენაღარიშვილის განცხადებით, აღნიშნული სიის შედგენა ოკუპირებული ტერიტორიებისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პროცესს ხელს არ შეუშლის.
,,ეს არის ვიღაცის მიერ უპასუხისმგებლოდ შესრულებული სამუშაო, რის გამოც პასუხი უნდა მოეთხოვოს. ქვეყანას დამნაშავე ადამიანისადმი დამოკიდებულება რომ ექნება კრიტიკული და მწვავე, სულ არც არ ნიშნავს იმას, რომ შერიგებისა და მოლაპარაკების პროცესს ხელი შეეშლება, მაგრამ ეს უნდა იყოს ხარისხიანად გაკეთებული საქმე. რა თქმა უნდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ექნებათ პრეტენზიები, მაგრამ არავითარი საფუძველი დანაშაულის ჩამდენი ადამიანის გამართლებას არა აქვს, ამიტომ ეს უსაფუძვლო პრეტენზია იქნება“, _თქვა მენაღარიშვილმა
ცნობისთვის, მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ დაამტკიცა, რომელშიც 33 პირია შეყვანილი. დღეს ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სიაში რამდენიმე გარდაცვლილი ადამიანია შეყვანილი.