საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე ,,გურია ნიუსთან“ ,,ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ საეჭვოა რამდენად აღსრულებადი იქნება სანქციები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, ამ ეტაპზე, 33 პირს უწესებს. ამასთან, როგორც შარაშენიძე გვეუბნება, კარგი იქნება, თუ საქართველოს სამართალდამცავები ოკუპირებული ტერიტორიების საზღვართან ეფექტურად იმუშავებენ.
,,ეს სია იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ სიაში იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ დასავლეთში მოგზაურობა და ალბათ, ჩვენ არ გაგვიჭირდება დასავლელი პარტნიორების დარწმუნება, რომ ამ ადამიანებს სანქციები დაუწესონ, მაგრამ საკითხავია ეს ხალხი რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებში თუ გადაადგილდება, მათ არ ეშინიათ მსგავსი სანქციების. ამასთან, საოკუპაციო რეჟიმთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკა მეტისმეტად ლოიალურია, ვეფერებით აფხაზებს და თუ ჩაიშალა თუნდაც ჟენევის მოლაპარაკებები, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. სია მიმართულია ოკუპანტების წინააღმდეგ და უფრო კარგი იქნება, თუ ჩვენი სპეცსამსახურები გააქტიურდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ვინც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდენს დანაშაულს, უნდა გადავიდნენ ჩუმად საზღვარზე, მოკიდონ ყურში ხელი და ჩამოათრიონ, ამისთვის არსებობენ სპეცსამსახურები“,_ გვითხრა შარაშენიძემ.
ცნობისთვის, მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ დაამტკიცა, რომელშიც 33 პირია შეყვანილი. დღეს ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სიაში რამდენიმე გარდაცვლილი ადამიანია შეყვანილი.