ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ „გურიას“, რომლის ბიუჯეტიც მხოლოდ ფეხბურთის განვითარების ფონდისგან მიღებული 200 ათასი ლარით განისაზღვრება, საკრებულოს წევრთა თანხმობით, დაფინანსება 30 ათასი ლარით გაიზარდა. როგორც გაირკვა აღნიშნული თანხა „გურიას“ მორიგი დავალიანების გასასტუმრებლადაა საჭირო, რომელიც მას სასამართლო გადაწყვეტილებით დაეკისრა.
ცნობისთვის, 30 ათას ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარება „გურიამ“ რამდენიმე თვის წინ სამშენებლო კომპანია „ორბისგან“, მიიღო, რომელსაც ლანჩხუთელი ზაზა ზოიძე ხელმძღვანლობს, თუმცა „ორბისგან“ ბოძებული თანხიდან 10 ათასი ლარი დასუფთავების სამსახურმა წაიღო ვალის სახით.
როგორც ლანჩხუთის მერიაში განმარტავენ, შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე „გურიას“ დავალიანება ჯამში 360 ათას ლარს შეადგენს. თუმცა, ამ აუდიტის დასკვნაში გათვალისწინებული არაა ფიფას მიერ დაკისრებული ფინანსური სანქციები, რომლითაც მიმდინარე წლის ცხრა ივლისამდე „გურიას“ ერთ-ერთი ბრაზილიური კლუბის სასარგებლოდ, 40500 ევროს, ხოლო უშუალოდ ფიფასთვის ხუთი ათასი შვეიცარული ფრანკის გადახდა დაევალა.