შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ ბრიფინგზე, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ძალოვანი სტრუქტურების, სახელმწიფოს და პროკურატურას ქმედებებს სასაცილო და სამარცხვინო უწოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ზვიად კუპრავას დაპატიმრება მათი აქციების და სამართლიანი ბრძოლის შესაჩერებლად სურთ.
„აქციებს ჩვენ ერთად ვაანონსებთ, მე,ზაზა და კუპრავა და ამ აქციებს ერთად ჩავატარებთ. ცდილობენ, რომ ზვიადის დაპატიმრებით შეგვაჩერონ და მართალი ადამიანი 2 თვით დააპატიმრონ. მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მართალი ადამიანი დააკავონ სიმართლის გულისთვის.თუ მაინც დააკავებენ ამ მართალ ადამიანს, ყველას ერთად ხომ ვერ დააკავებენ? გარეთ დარჩებიან ადამიანები, რომლებიც იმ ციხეში მყოფ ზვიადსაც მიხედავენ და გარეთ ადამიანებსაც მიხედავენ და ამ სიმართლეს საქართველოს მოქალაქეების წინაშე დადებენ. ის, რასაც დღეს ჩადიან ეს ძალოვანი სტრუქტურები, სახელმწოფო, პროკურატურა არის სასაცილო და სამარცხვინო“,_აცხადებს მაჩალიკაშვილი.
როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში 12 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს, ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობს.