„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება სავალდებულოდ გამოცხადდეს, რადგან ქვეყნის ბედს არჩევნები წყვეტს.
„ქვეყნის ბედი ხელისუფლების ფალსიფიკატორთა და 15 ლარად სამშობლოს გამყიდველთა ხელშია. თუ ჩვენ არ გამოვაცხადებთ არჩევნებში მონაწილეობას სავალდებულოდ, სამომავლოდ გარანტირებული გვაქვს ბანკირთა, ოლიგარქთა დიქტატურა და ნუღარ დავსვამთ მერე კითხვას _ რა გვეშველება?! პარტიები და არასამთავრობოები, რომლებიც არ დაუჭერენ მხარს ამ პრინციპის დაკანონებას, წინ გადაუდგებიან ქვეყნის განვითარებას. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მათ საკუთარი ბედნიერება სურთ უბედურ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს, შესაბამის არასამთავრობოებს, გამოვაცხადოთ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოდ, სხვა შემთხვევაში, ყველა არჩევნებში მივიღებთ შედეგად იმას, რასაც აქამდე ვიღებდით. ის ვინც არ დაუჭერს მხარს სავალდებულო არჩევნებში მონაწილეობას არის ივანიშვილზე უარესი. მარტო ჩვენ არ დაგვმართნია ეს ავადობა. როდესაც განვითარებულმა ქვეყნებმა დაინახეს რომ ამომრჩეველი ხდებოდა პასიური, არჩევნებში მონაწილეობა გახადეს სავალდებულო. ჩვენი ქვეყნის 60 % არჩევნებში არ ან ვერ მონაწილეობს, 40%-ს უკვე წინასწარ არის ცნობილი რომ მოუსყიდავი, სამშობლოზე შეყვარებული ამომრჩეველია, დანარჩენი კი წინასწარ არის უკვე პრივატიზირებული თანამდებობით ან 15 ლარით ან სახელმწიფო რესურსის ბოროტი გამოყენებით. თუ მოწეული სიგარეტის გადაგდებაზე და დანაგვიანებაზე დაჯარიმება აუცილებელია, როდესაც ივანიშვილებმა წაგვართვეს ოჯახი, მომავალი, საარსებო, სამუშაო, სივრცე, რატომ არ უნდა იყოს აუცილებელი, რომ ეს ნაგავი გაიტანონ მოქალაქეებმა და ქუჩაში დაყარონ. თუ მოწმედ მისვლა აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დაგიჭერენ, რატომ არ უნდა იყოს აუცილებელი სამშობლოს პატრიოტის საარჩევნო ყუთთან მისვლა. სწორედ ამ არჩევნების შედეგად წყდება ყველას ბედი, მოწმისაც, დაზარალებულისაც და კიდევ ბევრის. თუ სავალდებულოა ჯარში წასვლა, რატომ არ არის სავალდებულო 4 წელში ერთხელ არჩევნებზე მისვლა და მე ეს ლექცია არ უნდა მჭირდებოდეს კოლეგა და მეგობარ ოპოზიციურ პარტიებთან“,_აცხადებს ნათელაშვილი.