ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 150 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 5 ივლისს, 16.00 საათზე თეატრის თაღებში და მიმდებარე საღამო გაიმართება.
ოზურგეთში სათეატრო ხელოვნება 1868 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ ამ პროცესს არსებობა არ შეუწყვეტია. ოზურგეთში თეატრის დაარსების სათავეებთან იდგა ქართული პროფესიული რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა, რომლის სახელსაც სამართლიანად ატარებს დღეს ოზურგეთის თეატრი.
ოზურგეთის თეატრი ერთადერთი პროფესიული თეატრია გურიის მხარეში და მნიშვნელოვანი კულტურული კერა დასავლეთ საქართველოში, არა მხოლოდ თავისი ისტორიით, არამედ თანამედროვეობით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი ვასილ ჩიგოგიძე, რომლის ძალისხმევითაც და ფონდი „ქართუს“ ფინანასური უზრუნველყოფით ოზურგეთის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თეატრის საიუბილეო თარიღს პომპეზურად აღნიშნავს ოზურგეთის თეატრი. 5 ივლისს დაგეგმილია:
1. საიუბილეო წიგნი ალბომის „ოზურგეთის თეატრი 150“ პრეზენტაცია;
2. კინოსა და თეატრის ვარსკვლავის ამირან ქადეიშვილის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს „ხელოვნების ქურუმით“ დაჯილდოების საპატიო ცერემონია;
3. საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის სხვადასხვა სახელობითი პრემიებით თეატრის მსახიობების დააჯილდოების ცერემონია;
4. ამავე დღეს თეატრის თაღებში გაიხსნება ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავი;
5. თეატრის იუბილეს ეძღვნება ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც 5 ივლისს ჩოხატაურში, ოზურგეთის თეატრის სპექტაკლით „მონატრება“ გაიხსნება, რომელიც თეატრის უკლებლივ ყველა მსახიობს აერთიანებს.
6. შედგება ოზურგეთის თეატრის ჰიმნის პრეზენტაცია
5 ივლისს, ოზურგეთი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს არა მხოლოდ საქართველოს რეგიონებიდან და დედაქალაქიდან, არამედ უცხოეთიდან, მათ შორის, ბულგარეთიდან, ლიტვიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ვასილ ჩიგოგიძე _ ფესტივალის ხელმძღვანელი 599 578 909.
ლაშა ჩხარტიშვილი _ პროექტის კოორდინატორი 577 904 041.