ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ,,ევროპული საქართველოდან“ ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობას არ სურს, მკვლელობის საქმე ობიექტურად იყოს გამოძიებული, რაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების საგანი გახდა.
,,გამოძიება არ გინდათო, რომ ბრძანებთ, ბატონო ოთარ, ელემენტარული ლოგიკა ხომ არსებობს თქვენი განცხადებების უკან. თუ გამოძიება არ სურს არჩილ თალაკვაძეს ან რომელიმე წევრს უმრავლესობიდან, მაშინ გაიხსენეთ საგამოძიებო კომისია ვისი გადაწყვეტილებით იყო შექმნილი და მე მგონი, თქვენთან ერთად ვარ საგამოძიებო კომისიის წევრი, შესაბამისად, ძალიან გთხოვთ, რომ ცოტა კორექტული განცხადებები გააკეთოთ, როდესაც ჩემი საქმიანობის შეფასებას ეხებით კომისიაში. ჩვენ რომ გამოძიება გვინდა დასტურდება კომისიის შექმნის დღიდან დღემდე“,_ განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, დღეს საგამოძიებო კომისია შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, შალვა ბედოიძეს, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ირაკლი ფიფიას ოფიციალურ ახსნა-განმარტებებს მოისმენს. ამასთან, როგორც ცნობილია, დღეს, კომისიის წინაშე უფლებადამცველი, ზვიად კუპრავასაც წარსდგება.