,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე ,,გურია ნიუსთან“ მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც შავგულიძე გვეუბნება, არ აქვს იმედი, რომ ,,ქართული ოცენება“ მას მთავარ პროკურორად განამწესებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, შალვა თადუმაძის კანდიდატურას მხარს ღიად უჭერს.
,,მოგეხსენებათ, იუსტიციის მინისტრმა არა უმცირეს სამი კანდიდატურისა უნდა წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს ასარჩევად, მაგრამ, ფაქტობრივად, ამ დროის განმავლობაში არ დაასახელა, არც არასამთავრობო სექტორმა, არც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა, არც პროფესიულმა და აკადემიურმა წრეებმა, სათანადო ნდობით აღჭურვილი კანდიდატები, რომელთა კანდიდატურის განხილვაზე ხელისუფლებას უარის თქმა გაუჭირდებოდა. ხელისუფლება აღმოჩნდა კომფორტულ სიტუაციაში, ამიტომ დანიშნავს მისთვის სასურველი კანდიდატს. ,,ქართული ოცნება“ ჩემს კანდიდატურაზე დანიშვნას, რომ არ დათანხმდება, დარწმუნებული ვარ. დღეს ფართო მხარდაჭერის მქონე კანდიდატი არ არის წარდგენილი, მათ შორის, ჩემს კანდიდატურასაც ვგულისხმობ. შალვა თადუმაძე ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერით ნამდვილად სარგებლობს და წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია“, _ გვითხრა შავგულიძემ.