დღეს, ქალაქ ოზურგეთში საზეიმოდ გაიხსნა ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. ასევე, აღინიშნა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაარსებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
საზეიმო ღონისძიებაზე კინოსა და თეატრის მსახიობი ამირან ქადეიშვილი საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ უმაღლესი ჯილდოთი “ხელოვნების ქურუმით“ დააჯილდოვა.
“120 როლი მაქვს ნათამაშევი ოზურგეთის თეატრში და 50 ქართულ კინოში. ძალიან დიდი ნოსტალგია მაქვს ოზურგეთის თეატრის მიმართ, ისეთი, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. დიდი სითბო და სიყვარული მაკავშირებს. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი ყოფილა, რაც დღეს ხდება ოზურგეთში“, _ თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამირან ქადეიშვილმა.