ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საპატიო მოქალაქის ტიტულის მფლობელი, 60 წლის ლევან გორგაძე, გუშინ, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.
როგორც გვითხრეს, ის სოფლის ცენტრში ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ გორგაძე, რომელსაც ადგილობრივები სოფლის კოლორიტად მიიჩნევდნენ ადგილზევე დაიღუპა.
“ის იყო ძალიან ნაკითხი და ყურადღებიანი ადამიანი. არავის დაბადების დღეს არ ავიწყდებოდა. ასევე ყველა მეგობრის, ახლო ნათესავის და მეზობლის გარდაცვალების თარიღი არ ავიწყდებოდა. მთელი სოფელი განადგურებულია, რადგან ამ ადამიანისგან სიკეთის მეტი არაფერი არ გვახსოვს.
უყვარდა წიგნების და გაზეთების კითხვა. 90-იან წლებში მაღაზია ჰქონდა და ხალხს ნისიად ატანდა პურს,“_ იხსენებს ჩვენთან საუბრის დროს ლევან გორგაძის მეზობელი.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის თემში, ბოლო 15 დღის განმავლობაში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა.