საქართველოს პარლამენტმა, გუშინ, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა. ახლა ჯერი მთავრობის საკადრო ცვლილებაზეა, რომლის შემადგენლობა ბიუროს ორშაბათს წარედგინება.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით მთავრობის ახალ შემადგენლობაში იქნება იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომელიც კრიტიკის საგანი არასამთავრობოებისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან არაერთხელ გამხდარა.
,,ქართული ოცნებიდან“ რევაზ არველაძე, ,,გურია ნიუსთან“ განმარტავს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმები მხოლოდ წულუკიანის დამსახურება არ არის. ამასთან, არველაძე ჩვენთან საუბრისას მიანიშნებს, რომ საქართველოში ისეთი იურისტები მოიძებნებიან, რომლებიც წულუკიანის ჩანაცვლებას შეძლებენ.
,,არამგონია, ისე იყოს საქართველოში საქმე, რომ კარგი იურისტი ვერ მოიძებნოს. აზრიც გაყოფილია საზოგადოებაში ზოგს მოსწონს წულუკიანი, ზოგს არ მოსწონს. მისი დარჩენა იმაზე იქნება დამოკიდებული რამდენად აფასებს მის ნამუშევარს ახალი პრემიერ-მინისტრი. საკმაოდ სერიოზული რეფორმები გატარდა სასამართლო სისტემაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც წულუკიანის გაკეთებული არის ყველაფერი, აქ მუშაობს მთელი სისტემა იურისპრუდენციისა, აქედან გამომდინარე, შეიძლება სხვა მოიძებნოს“,_ გვითხრა არველაძემ.
დარჩება თუ არა შვებულებაში წასული თეა წულუკიანი მინისტრთა კაბინეტში, ორშაბათის ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი. აქვე შეგახსენებთ, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იფუნქციონირებს.