იძიებს თუ არა საგამოძიებო ორგანო რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძისა და ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შესაძლო გადაცდომის საქმეებს ,,გურია ნიუსმა“ სცადა ინფორმაცია საქართველოს პროკურატურისგან მიეღო.
ჩვენ რამდენჯერმე დავუკავშირდით პროკურატურის პრესსამსახურს, თუმცა, მათ ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ მოგვაწოდეს.
თავდაპირველად პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას მოიძიებდნენ. 5-საათიანი ლოდინის შემდეგ, საგამოძიებო ორგანოს ისევ არ ჰქონდა პასუხი „გურია ნიუსის“ კითხვაზე, ხოლო შემდეგი რამდენიმე საათის განმავლობაში მათთან დაკავშირების არაერთგზის მცდელობისა, ჩვენს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.
„გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არც ყოფილმა მინისტრებმა უპასუხეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც დავუკავშირდით. როგორც სუს-ში განგვიცხადებს, საკითხს უწყებაში არ იძიებენ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ყოფილი მინისტრების შესაძლო კორუფციულ გარიგებებსა და რამდენიმე მილიონი ლარის მითვისებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მინისტრების შესაძლო გადაცდომის შემთხვევებს, არაოფიციალური ინფორმაციით, პროკურატურა უკვე იძიებს.