საქართველოს მთავრობა განახლებული გუნდით განაგრძობს მუშაობას. როგორც ცნობილია, საკადრო ცვლილებები ეკონომიკის, ფინანსთა და განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს შეეხო. განახლებულ სამთავრობო გუნდზე ,,გურია ნიუსი“ პოლიტიკის ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
ხუხაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრის, კახა კახიშვილის საკადრო გადანაცვლებით უკმაყოფილოა.
,,იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს დასახელდნენ, ვერაფერს ვიტყვი, რადგან ელემენტარულად მათზე არ არის იმდენი ცნობილი, რომ შევაფასო. CV-ს მიხედვით ადამიანების შეფასება, მინიმუმ, არაკორექტული იქნება, ამიტომ სჯობს, დაველოდოთ, მოქმედებებში როგორი მინისტრები იქნებიან.
რაც შეეხება კახი კახიშვილის გადანაცვლებას, ერთის მხრივ, კარგია, რომ მან ხელისუფლების ქსოვილში შეინარჩუნა რაღაც პოზიცია, მაგრამ, მეორეს მხრივ, გულდასაწყვეტია, რომ ის არ დარჩა მინისტრთა კაბინეტში ზუსტადაც იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე. ეს არ უკავშირდება მხოლოდ კახა კახიშვილის დაწინაურებას. ეს უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობა ძალიან დაცემულია. ნდობის დეფიციტი უკავშირდება წულუკიანის ფაქტორს და უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ ვითარებაში პრობლემური იქნება ნდობის აღდგენა.
ხელისუფლებამ არ თუ ვერ გადადგა ნაბიჯი, რომ ასეთი ჩანაცვლება გაეკეთებინა. ჩვენ გვესმის, რომ მმართველობითი სისტემის კრიზისია ქვეყანაში და არის მცდელობა, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მართლმსაჯულების სისტემა მმართველობითი სისტემის გადალახვის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია.
მერჩივნა კახიშვილი მეხილა იუსტიციის მინისტრად და ქალბატონ თეას დაესვენა. ვფიქრობ, მან დასვენება დაიმსახურა.
წულუკიანის დატოვება მინისტრთა კაბინეტში საპრობლემოა ხელისუფლებისთვის და ძალიან ბევრ არგუმენტს აძლევს პოლიტიკურ ოპოზიციას კრიტიკისთვის და არასტაბილურობის საფუძველს უქმნის“,_ გვითხრა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა.
ფინანსთა მინისტრის პოსტს ივანე მაჭავარიანი ჩაიბარებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია გახდება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიხელ ბატიაშვილი უხელმძღვანელებს. მთვარობის ადმინისტრაციის უფრორსის თანამდებობას კი დაიკავებს კახა კახიშვილი, რომელიც აქამდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინსიტრის პოსტს იკავებდა.
თანამდებობა შეინარჩუნა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელიც ოპოზიციისა და საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა.
ასევე, სამთავრობო კაბინეტში მუშაობას განაგრძობს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი,მაია ცქიტიშვილი.
განახლებულ სამთავრობო გუნდში წარმოდგენილინი არიან ძველი სახეებიც, თანამდებობას ინარჩუნებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, ფუნქციონირებას 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს.