საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად და ახლა საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური კონსენსუსი. გიორგი მარგველაშვილმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საფრთხის გასანეიტრალებლად საერთო ძალისხმევაა საჭირო.
„რა არის მნიშვნელოვანი ამ დეკლარაციაში, პირველი, ეს არის ის, რომ აღიარებულია 29 ქვეყნის მიერ, ნატო-ს ყველა ქვეყნის მიერ ის, რომ რუსეთი არის აგრესორი და მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. მითითებულია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ამ რეალობის აღიარების პარალელურად არის ნათლად განსაზღვრული რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და მესამე მომენტი, მანამ სანამ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, საქართველოსთვის მხარდაჭერის და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების პროცესზე თანხმდებიან ნატო-ს შემადგენელი ქვეყნის ლიდერები.“ – განაცხადა პრეზიდენტმა.