“პრეზიდენტობის კანდიდატს ვერ არჩევენ, რადგან მას ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა,” – ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე _ შესაძლოა თუ არა, რომ ის გაერთიანდეს დავით უსუფაშვილთან, ირაკლი ალასანიასთან ან გიორგი კვირიკაშვილთან, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მას ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული ხედვა არა აქვს.
“არჩევნებთან დაკავშირებით ერთი სერიოზული კომპონენტია, ქართული ოცნება კანდიდატს ვერ ასახელებს. ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია ჩემს მიერ კანდიდატურის დასახელება-არდასახელების საკითხი. პროცესს რომ ვაკვირდები, პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პოლიტიკური ძალა კანდიდატს ვერ ასახელებს. იცით, რატომ ვერ ასახელებს? იმის გამო, რასაც 5 წელიწადი პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ აკეთებდნენ. ეს იყო შეურაცხყოფის, დაკნინების, პოლიტიკური შანტაჟის, პროპაგანდის ზღვა, რომელიც ააზვირთეს. ეს ყველაფერი ახლა ქართულ ოცნებაში მყოფმა ნაციონალებმა კი არ ქნეს, არამედ მათ, ვინც თავიდან იყვნენ ოცნებაში. კანდიდატს ვერ არჩევენ, რადგან მას ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. როცა კანდიდატს დაასახელებენ, უნდა ჰკითხონ, თუ გააკეთებს იმას, რასაც ეტყვიან, თუ დაჯდება იქ, სადაც ეტყვიან, ვეტოს დაადებს თუ არა ამა თუ იმ კანონს, ჰკითხავენ, გამოავლენს თუ არა ხასიათს, ან იქნება თუ არა ჭკვიანი ბიჭი ან გოგო, იმდენ რამეზე უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა კანდიდატმა თავის თავს, რომ უჭირთ კანდიდატის დასახელება,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.