რუსეთში მიმდინარე მსოფლიო საფეხბურთო პირველობა ფინიშის სწორზე გავიდა. „მუნდიალი – 2018“-მა არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა გვაჩუქა. საყოველთაო აზრით ჩემპიონატი საინტერესოდ მიმდინარეობდა და გულშემატკივრებს მოსაწყენად საქმე არ გვქონდა.
დაფიქსირდა რამდენიმე მოულოდნელი შედეგიც. თავდაპირველად თავი ჯერ კიდევ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა – გერმანიამ „ისახელა“, რომელიც სამშობლოში ჯგუფური სტადიის დასრულების შემდეგ გაემგზავრა. მალე მის გზას არგენტინის ეროვნული გუნდი მიყვა, ლეო მესის თანაგუნდელებს ცოტა მოგვიანებით კრიშტიანო რონალდოსა და ინიესტას პორტუგალია და ესპანეთიც შეუერთდა.
პირველობის ერთ-ერთ ფავორიტად ნეიმარი და მისი ბრაზილიაც მიიჩნეოდა, მაგრამ ლუკაკუმ და მისმა თანაგუნდელებმა პელეს თანამემამულეები ვადამდე ადრე ისტორიულ სამშობლოში გაისტუმრეს.
ფავორიტების თამაშგარე დარჩენის ფონზე პატარა ხორვატიამ ნამდვილი სასწაული მოახდინა და ხვალ პირველობის გამარჯვებულის სახელისთვის საფრანგეთს დაუპირისპირდება. საფეხბურთო სპეციალისტების უმეტესობა უპირატესობას დიდიე დეშამის კრებულის უწინასწარმეტყველებს, მაგრამ ამბობენ ბურთი მრგვალიაო. ხორვატია წინასწარ დანებებას არ აპირებს და გადამწყვეტ შეხვედრაშიც ბოლომდე იბრძოლებს. მისი წარმატება იგივე საქართველოსთვის გამორჩეულ მაგალითად უნდა იქცეს. ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, ჩვენსავით ომგამოვლილი, ჩვენსავით გაპარტახებული ეკონომიკა და სოციალური პრობლემები. ამის მიუხედავად ევროპის შუაგულში მდებარე ამ სახელმწიფომ ფეხზე დადგომა მოახერხა და სპორტულ სამყაროშიც ერთ-ერთი ლიდერის ყვითელი მაისურიც მოირგო.
შესანიშნავი სანახაობა, გადაჭედილი სპორტული არენები, ამის მიუხედავად კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა არ არის. ამის ნათელსაყოფად ცნობილი ფეხბურთის სპეციალისტის ლეონიდ სლუცკისა და სპორტული კომენტატორი ვასილი უტკინის მაგალითზე ვრწმუნდებით.
პირველობის დაწყების წინ ამჟამად ჰოლანდიური „ვიტესის“ მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი რუსეთის პირველ საზოგადოებრივ არხზე მატჩების ტელეეთერში წასაყვანად მიიწვიეს. მწვრთნელს მოკლევადიანი კონტრაქტი ჰქონდა მაგრამ მუშაობა მხოლოდ რამდენიმე დღე დააცალეს. ამისი მიზეზი ღია ეთერში დაუფიქრებლად ნათქვამი ერთი უწყინარი ფრაზა გახდა.
გერმანია – მექსიკის შეხვედრისას სლუცკის კოლეგა კირილ დემენტიევმა მსოფლიოს ამჟამინდელი ჩემპიონების თამაში „ნავალნი ფეხბურთს“ შეადარა. ამაზე სლუცკის რეპლიკა შემდეგი გახლდათ: „ნავალნი ფეხბურთს თამაშობს? საინტერესო იქნებოდა მისი ხილვა ამ ამპლუაში“. ამ ორი ფრაზის გამო დემენტიევი – სლუცკის დუეტს იმავე დღეს დადებული ხელშეკრულებები გაუუქმეს და ტელევიზიიდანაც დაითხოვეს.
დაახლოებით ანალოგიური შეემთხვა ცნობილ რუსს კომენტატორ ვასილი უტკინს. მსოფლიო პირველობის დაწყების წინ მან რუსულ „ო-ერ-ტე“-სთან ერთთვიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჩემპიონატზე მხოლოდ ესპანეთი – პორტუგალიის მატჩის გაძღოლა მოუწია. მისი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა ისევ და ისევ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნის სახელს უკავშირდება. უტკინს სლუცკი – დემენტიევის „შეცდომა“ არ დაუშვია. უბრალოდ “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის შევიწროების გამო „მსუბუქად“ გაააკრიტიკა. „მსუბუქად“ ვახსენე და უტკინმა პუტინი ჭირვეულ მოზარდს შეადარა რომელსაც ბავშვური კაპრიზის გამო დაპირისპირებულ თანატოლზე შურისძიება სურს.
რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია რომ „ფეისბუქში“ „აქტიურობისათვის“ ვასილი უტკინი რუსულ საზოგადოებრივ არხს უშუალოდ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ალექსეი გრომოვმა ჩამოაშორა. ამავე საინფორმაციო წყაროს მტკიცებით უტკინის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებაში ლომის წვლილი რუსეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა სტანისლავ ჩერჩესოვმაც შეიტანა. კომენტატორი ჩერჩესოვს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაუნდობლად აკრიტიკებდა. საუდის არაბეთთან და ეგვიპტესთან მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ ამ უკანასკნელმა დრო იხელთა და მავან და მავან კრემლის მაღალჩინოსნებს უტკინის ამჟამინდელი სამსახურიდან გაშვება მოსთხოვა. საინტერესოა რომ უტკინი რუსულ „ო-ერ-ტე“-მდე ტელეკომპანია“მატჩ ტივი“ -ში მუშაობდა მაგრამ ამ ტელეარხიდან ერთ-ერთ ხელმძღვანელ თიკა კანდელაკთან დაპირისპირების გამო წამოსვლა მოუწია.
არა, რაც არ უნდა ილაპარაკონ საქართველო მაინც ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოა, რადგან უტკინი – სლუცკის მსგავსი მაგალითები ჩვენთან პრინციპულად გამორიცხულია.
რუსეთში მიმდინარე საფეხბურთო პირველობას თვალს ადგილობრივი პოლიტიკოსებიც ადევნებენ. ამათგან „საკუთარი მოსაზრება“ ოდიოზურმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმაც ჩამოაყალიბა, თან მისთვის დამახასიათებელ „ორიგინალურ ჟანრში“.
„მეკითხებიან ჟურნალისტები ხომ მოგწონს მსოფლიო პირველობაო. რა მომწონს, სამარცხვინოა ყველაფერი. მთავრობამ საპენსიო ასაკი გაზარდა, ამ ჩემპიონატისათვისკი ფული წყალში გადაყარა. თქვენ რა მოგწონთ? რამდენი უცხოელი ჩამოვიდა, რას დაამსგავსეს რუსეთი. მიდიხარ მოსკოვის ქუჩებში და ათასი ჯურის უცხოტომელს ხვდები. თქვენ რა გგონიათ ეს ხალხი ყველა უკან დაბრუნდება? გაივსება რუსეთი საეჭვო შეფერილობის ადამიანებით. მერე მათ აქედან ვინ გაყრის. არადა იძახიან, მსოფლიო პირველობაო. არ მინდა ასეთი არც ფეხბურთი და არც ჩემპიონატი“. – განაცხადა“განრისხებულმა“ ვლადიმერ ვოლფოვიჩმა.
ამასობაში გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშის ზარებს შემოკრა. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით რუსეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობას ე.წ. „გულშემატკივრის“ ბილეთის მქონე რამდენიმე ათასი სირიელი, ირანელი, ნიგერიელი და სენეგალელი ემიგრანტი ესწრება. ეს საბუთი რუსეთში სხვადასხვა მაქინაციების დახმარებით მოიპოვეს და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გერმანიის ტერიტორიაზე შეღწევას შეეცდებიან. გამოცემა „ბილდის“ მტკიცებით გერმანიის საზღვრებზე კონტროლის უპრეცენდენტო ზომებია მიღებული და ქვეყანაში შესვლის ნებისმიერ მსურველს საგანგებოდ ამოწმებენ.