დიდ დიღომში გუდვილთან მდებარე ანბანის ბაღში მშენებლობის დემონტაჟი მოხდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დემონტაჟის მიზანი ბიზნესთან ბრძოლა არ არის.
„გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანბანის ბაღში მიმდინარეობს მშენებლობა რომელსაც ყველა პირობა აქვს დარღვეული, გაცემული ნებართვისაც კი. ასევე შემოსულია ძალიან ბევრი საჩივარი დიდი დიღმის მოსახლეობიდან ამ კონკრეტულ ობიექტთან დაკავშირებით. ამ წუთში მშენებლობა შეჩერებულია და მე მგონია, რომ ეს არის ის ობიექტი, რომლის დემონტაჟიც უნდა გახორციელდეს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სკვერებში, პარკებში და სპორტულ მოედნებზე ამგვარი გაუთვალისწინებელი და სიმახინჯეების მშენებლობა. ყველანაირად პრობლემას წარმოადგენს ამ ობიექტის პროექტის გახორციელება.
რა თქმა უნდა, ჩვენ ბიზნესს არ ვებრძვით, პირიქით ბიზნესს ყველანაირად ხელს შევუწყობთ, დავეხმარებით, რომ მოხდეს სწორი განაშენიანება და სწორი პროექტების, რაც მთავარია ხარისხიანი პროექტების გახორციელება“, _განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე ობიექტის მესაკუთრეებთან შეხვედრა მოითხოვა, რომ მათ დანაკარგი არ ნახონ.