ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია ლავასოღლი (მინდია გორაძე) დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2013 წელს, ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, მინდია ლავასოღლი აღიარებული იქნა „კანონიერ ქურდად”, რის შემდეგ იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით; მუქარით, დაშინებით და ქურდული გარჩევების გზით აიძულებდა მოქალაქეებს შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები, ორგანიზებას უწევდასხვადასხვა პირებისგან თანხების გამოძალვას, ე.წ. „ქურდული საერთოს” შეკრებას და განაწილებას, ქურდული სამყაროსა და სხვა პირებისთვის სარგებლის მისაღებად წყვეტდა მეწარმე სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებს შორის წარმოშობილ დავებს. გარდა ამისა, 2014-2015 წლებში მინდია ლავასოღლის კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომლებისგანაც პერიოდულად იღებდა ინფორმაციებს კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების შესახებ, აძლევდა მითითებებს ქურდული სამყაროსთვის ხელსაყრელი მდგომარეობის შესაქმნელად და სხვადასხვა პრივილეგიების მოპოვების მიზნით. ასევე, იღებდა გადაწყვეტილებებს შეგროვილი ე.წ. „ქურდული საერთოს” შევსებისა და გადანაწილების საკითხებზე, არეგულირებდა ურთიერთობებს ქურდული სამყაროს წევრებს შორის.
2015 წლის 24 თებერვალს მინდია ლავასოღლი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის” გადაცემა ,,განსხვავებული აქცენტების” ავტორს და წამყვანს, გამოთქვა უკმაყოფილება 2015 წლის 14 თებერვალს სატელევიზიო ეთერში მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის (ინფორმაციის) გამო და დაემუქრა მას, რომ შემდგომში თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია ლავასოღლი (მინდია გორაძე) სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.