მედიით მრავალჯერ გაპიარებულ ბახმაროში ძირითადი პრობლემები ამ დრომდე მოუგვარებელია _ კურორტზე, სადაც ამ დროისთვის დაახლოებით 5 000 დამსვენებელია, ისევ უამრავი პრობლემაა.
_ ვერა და ვერ გადაწყდა დადებითად წყლის საკითხი. წლებია, ასეთი მდგომარეობაა. დღეები ისე გადის, რომ წყალი ერთი საათითაც არ მოდის, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას მოაგარაკეები.
მათივე თქმით, ისევ მოუწესრიგებელია შიდა გზები:
_ არის ქუჩები, სადაც მხოლოდ ორხიდიანი ავტომანქანით არის გავლა შესაძლებელი. ჯერ კიდევ შარშან გვპირდებოდნენ გაკეთებას, მაგრამ ესეც გაზეთის ფურცლებს შემორჩა, _ ამბობენ დამსვენებლები, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე _ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმიუწვდომლობაზე აკეთებენ აქცენტს:
_ ადამიანი რომ ცუდად გახდება, სასწრაფოს ამოსვლას ჩოხატაურიდან უნდა ელოდოს, რასაც 2 საათი მაინც დასჭირდება. ამ ორ საათში კი შეიძლება მოკვდეს. წლებია ვითხოვთ, რომ სეზონზე ერთი ბრიგადა მაინც დააყენონ აქ, თუმცა, ესეც ვერ მოხერხდა, _ ამბობენ დამსვენებლები.
მიუხედავად ამისა, კურორტი დამსვენებლების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა, ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს, როგორც პროდუქტის, ასევე, დასასვენებელი სახლების საკმაოდ მაღალი ფასების გამო.
ბახმაროში კეთილმოწყობილი კოტეჯის 20 დღით ქირაობა 2 000-დან 3 000 დოლარამდე ჯდება. თუმცა, არის სახლები, რომელიც გაცილებით ძვირად ფასობს და 4 000 დოლარადაც კი ქირავდება.
შედარებით მოუწესრიგებელი ოთახების ფასები, რომლებსაც საპირფარეშო ეზოში ან მეზობელთან საერთო აქვთ, 600 ლარიდან იწყება და 1 500 ლარამდე ადის.
ამ თანხაში არ შედის ელექტროენერგიის გადასახადი, რომელიც კეთილმოწყობილი კოტეჯების შემთხვევაში 200 ლარამდეა, ხოლო შედარებით მოუწესრიგებელ სახლებში _ 100 ლარამდე.
კურორტზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სასტუმროა, რომელიც კონკურენციის არარსებობის გამო სრული დატვირთვით მუშაობს და სადაც ფასები ცნობილი ბრენდის სასტუმროებზე ძვირია _ ერთი ოთახი, რომელიც 4 საწოლი დგას, 130 დოლარი ღირს. ამ ფასში მხოლოდ დილის შვედური მაგიდა შედის.
ბახმაროში რამდენიმე საოჯახო სასტუმროცაა, სადაც ერთი საწოლის ფასი ერთი ღამით 50-დან 70 ლარის ფარგლებში მერყეობს.
_ კურორტზე, სადაც ყოველ წელს ათასობით ადამიანი ისვენებს და რომელსაც მთავრობა სულ აპიარებს, განსაკუთრებით კი არჩევნების წინ, უამრავი პრობლემაა და ეს არავის ადარდებს. აქ არ არსებობს ბანკის ფილიალი, სწრაფი გადარიცხვის აპარატი, არ არის ბენზინგასამართი სადგური. ნორმალური საპირფარეშოც კი არ დგას. სამაგიეროდ, ქუჩებში ბევრი პირუტყვია და კატასტროფული სიძვირე. ევროპის ნებისმიერ კურორტზე უფრო იაფი ჯდება დასვენება, ვიდრე ბახმაროში. ბაზარში ყველაფერს ორმაგი ფასი აქვს, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას დამსვენებლები.
მათივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და კურორტის დაანონსებული განვითარება იმის საფუძველს აძლევდათ, რომ წელს ბახმაროში განსხვავებული სიტუაცია დახვდებოდათ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეალობა არ შეცვლილა.
_ 6 წლის წინ გააკეთეს კინოთეატრი და ამ დრომდე უფუნქციოდაა. მოუვლელობისგან ფუჭდება და პატრონი არ ჰყავს, _ აღნიშნავენ დამსვენებლები.
კურორტზე რომ ბევრი პრობლემაა, ჩვენთან საუბრისას ადასტურებს ა(ა)იპ “ბახმაროს” დირექტორი დავით საჯაია:
_ პრობლემები რომ არის, არ უარვყოფთ, მაგრამ იმ საშუალებით, რაც მუნიციპალიტეტს და ა(აი)იპ-ს გააჩნია, ყველაფერი კეთდება. უკვე დაწყებულია ელექტროენერგიის პრობლემის მოსაგვარებლად მასშტაბური სამუშაოები და მომავალ წელს 24-საათიანი შუქი ექნება დამსვენებელს. რაც შეეხება წყალს _ მოხმარება გაიზარდა, დებეტმა მოიკლო და ამის გამო, პრაქტიკულად ყველა ქუჩაზე შეიქმნა პრობლემა _ სამყოფი წყალი არ გვაქვს. სავარაუდოდ, მალე გრაფიკი დაწესდება სატყეოს, ვაკიჯვრის, ინგოროყვას და ბაზრის დაღმართის ქუჩებზე, _ ამბობს საჯაია.
მისივე ინფორმაციით, შიდა გზების პრობლემა სტიქიამ გამოიწვია:
_ სეზონის დაწყებამდე გაკეთდა გზები, თუმცა, ძლიერმა წვიმებმა სულ ჩამორეცხა. ახლა, ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რამდენიმე დღეში სამუშაოები დაიწყება და ეს პრობლემაც მალე მოგვარდება. გარდა ამისა, თითქმის გადაწყვეტილია საკითხი, რომ ქუჩებში პირუტყვი არ დადიოდეს – აქტიურად მუშაობენ მეველეები და დასახლებაში პირუტყვი პრაქტიკულად არ არის, _ გვითხრა დავით საჯაიამ.
საჯაია ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი პრობლემა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის არარსებობაცაა:
_ ეს პრობლემაც გვიდგას, რომელიც ჯერ ვერ მოგვარდა, _ აღნიშნა საჯაიამ.
“გურია ნიუსმა” ბახმაროში არსებული ამ პრობლემის მოგვარება სსიპ “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის” დირექტორს სთხოვა _ ავთანდილ თალაკვაძემ პირობა მოგვცა, რომ საკითხში გაერკვეოდა და კომენტარსაც მოგვიანებით გააკეთებდა.
თალაკვაძემ “გურია ნიუსისთვის” მიცემული პირობა მალევე შეასრულა _ ბახმაროში უკვე დგას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და რომლის პერსონალს ფართი მუნიციპალიტეტმა გამოუყო.