ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი?_ ,,ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი ან სულაც, პრეზიდენტის პოსტი ოპოზიციური პარტიის კანდიდატს დაუთმოს.
ეს პოზიცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა.
ივანიშვილის იდეას გუნდში ყველა არ იზიარებს, თუმცა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მის მოსაზრებას ნდობა გამოუცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
,,თუ ივანიშვილის იდეა გაიზიარა გუნდმა, მივიღებთ საინტერესო სიტუაციას, სადაც სააკაშვილის გუნდი შეეჯიბრება სააკაშვილის ყოფილ გუნდს, თუ ამჟამინდელ გუნდს და ოპოზიცია შეეჯიბროს ერთმანეთს და ნეიტრალური კანდიდატები, ეს მგონი, ძალიან საინტერესო იქნება“, _ თქვა წულუკიანმა.
მმართველი გუნდიდან, ზაზა პაპუაშვილმა ,,გურია ნიუსს“ კატეგორიულად განუცხადა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო ინსტიტუტი ოპოზიციას არ უნდა დაუთმოს.
,,ქართული ოცნების“ წევრი პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, სალომე ზურაბიშვილს აფასებს. პაპუაშვილს ზურაბიშვილთან კითხვები აქვს, თუმცა, მთლიანობაში დადებითად ახასიათებს.
,,კარგი იქნება თუ მომავალი პრეზიდენტს გამოარჩევს ადამიანური თვისებები, დიდსულოვნება, დათმობა და შორსმჭვრეტელობა. მისი აზროვნება მასშტაბური უნდა იყოს და არ უნდა ჩაებას პარტიულ კინკლაობაში.
ქვეყანას რომ ნორმალური, დალაგებული ოპოზიცია ჰყავდეს, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე, შეიძლება, ოპოზიციის კანდიდატს დაუთმო პრეზიდენტის თანამდებობა, მაგრამ ჩვენი ოპოზიციის პირობებში ეს არ უნდა მოხდეს. ამას ისევ სჯობს, ჩვენი გუნდიდან ავირჩიოთ კანდიდატი, რომელსაც, განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ, ადამიანური თვისებები გამოარჩევს.
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან კითხვები შეიძლება მქონდეს. ამ ადამიანთან ბევრი ბრძოლა გამოგვივლია და ვიცი როგორი მეომარი, პრინციპული და ხშირ შემთხვევაში, ჯიუტი ადამიანია. მისი ფიქრი სიღრმისეულია და შეუძლია ის პრინციპები, რომლებიც გააჩნია სიცოცხლის ფასად დაიცვას“, _გვითხრა პაპუაშვილმა.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, უცნობია.