ირკვევა, რომ საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის „გურია“ სეზონის მეორე წრეს, რომლის პირველი შეხვედრა პირველ აგვისტოს სტუმრად წყალტუბოს „სამგურალთანაა“ ჩანიშნული, რამდენიმე ახალწვეულით იწყებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეორე წრიდან „გურიას“ შემადგენლობაში გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი ვლადიმერ ჯოჯუა ითამაშებს. ლანჩხუთური კლუბის შემადგენლობას, ასევე, შეუერთდა უკრაინელი შემტევი დენის სკოტარენკო, რომელიც მანამდე ხარკოვის “მეტალისტში” თამაშობდა. ამის გარდა, „გურიას“ შემადგენლობას ქედის „ბეთლემიდან“ ირაკლი ბაჯელიძე დაემატა.
როგორც ირკვევა, თითქმის გადაწყვეტილი საკითხია „გურიაში“ ვანო წილოსანის თამაშის საკითხიც, რომელსაც საქართველოს ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და უკვე რამდენიმე წელია ქვედა ლიგის ერთ-ერთი თურქულ გუნდში ასპარეზობს.
„გურიას“ შემადგელობას შეუერთდა და ვარჯიშს გადის კიდევ ერთი ლეგიონერი ემანუელ იაგრი, რომელსაც ადრეც უთამაშია ლანჩხუთურ კლუბში, თუმცა, ირკვევა, რომ მას ბოლო სამი წელია არ უვარჯიშია და მისი „გურიაში“ დარჩენის საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა.
„გურიას“ პიარის ინფორმაციით, ამის გარდა, კიდევ ორი ფეხბურთელის დამატებაზეცაა საუბარი. მისი თქმით, კლუბის ხელმძღვანელობა ახალწვეულების ოფიციალურ წარდგენას მეორე წრის დაწყებამდე გეგმავს, როცა ამ კუთხით საბოლოო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.