თბილისსა და მის შემოგარენში უჩვეულო ნისლი ფიქსირდება.
ნისლში გახვეული თბილისის ფოტოების გავრცელება სოციალურ ქსელში დილიდან დაიწყო. სოციალური ქსელის მომხმარებლები ავტომობილების გამონაბოლქვს, ნაწილი ამაღამ მოსალოდნელ მთვარის დაბნელებას უკავშირებს.
მომხდარს გარემოს ეროვნული სააგენტო ეხმიანება.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით არსებული სინოპტიკური სიტუაციის გამო (სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით) აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას.
სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია“,_ნათქვამია განცხადებაში.