ავარია მოხდა კურორტ ბახმაროში _ ავტომანქანა, რომელსაც 25 წლის, ქედაში მცხოვრები მ.ყ მართავდა, ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
შემთხვევა საღამოს, კურორტის ცენტრში მოხდა.
როგორც გვითხრეს, ძლიერი ნისლის გამო ავტომანქანის მძღოლმა, რომელიც ნასვამი იყო, ფეხით მოსიარულეები ვერ შეამჩნია.
ავარიის შედეგად ხაშურში მცხოვრები, 45 წლის ზურა მჭედლიშვილი გარდაიცვალა, ხოლო მისი თანმხლები პირი 45 წლის გელა ელიბეგოვი დაშავდა.
ელობეგოვი ამ დროისთვის ქუთაისის საავადმყოფოშია მოთავსებული და როგორც გვითხრეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მჭედლიშვილს და ელიბეგოვს ბახმაროში ბიზნესი ჰქონდათ _ მათ კურორტზე საბავშვო ატრაქციონები ჰქონდათ განთავსებული.