,,ქართული ოცნება“ სიჩუმეს არ არღვევს. მმართველ გუნდს ჯერ კიდევ არ განუცხადებია, რას აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ბოლო ინფორმაციით, ,,ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს და მხარს დაუჭერს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს.
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ზურაბიშვილმა კონსულტაციები გაიარა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა იმ შემთხვევაში მოისურვა, თუ ,,ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერდა.
ზურაბიშვილის მიერ “ეშმაკის ენად” მონათლულმა დიალოგმა გაჭრა და მისი შეთავაზება ივანიშვილმა გაიზიარა, თუმცა დამოუკიდებელი დეპუტატი ,,ქართული ოცნების“ ყველა წევრისთვის ერთნაირად მოსაწონი არ აღმოჩნდა.
მმართველი გუნდიდან ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ თუ ,,ქართულ ოცნებას“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება და გუნდი მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, წინასაარჩევნო პროცესებში მონაწილეობას საერთოდ აღარ მიიღეს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ივანიშვილისა და მმართველი გუნდის დამოკიდებულება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცინიკურია. მათი თქმით, ,,ქართულ ოცნებას“ სურს, ზურაბიშვილის დამოუკიდებელ დეპუტატად წარმოჩენა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. საკითხზე ,,ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ ისაუბრა.
„ივანიშვილს კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნების“ რესურსი, საკუთარი სახელით და საკუთარი ნომრით მოიგოს არჩევნები, ძალიან შეიზღუდა, ამიტომ ცდილობენ, ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის თემის შემოგდებას“, _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.
,,გურია ნიუსმა“ კითხვით მიმართა მმართველი პარტიიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს:
_ბატონო დავით, თუკი სალომე ზურაბიშვილს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა მოლაპარაკებები ბიძინა ივანიშვილთან და ყველაფერი თავიდანვე იყო შეთანხმებული, რა გამოდის, ზურაბიშვილი ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება თუ არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელი სუბიექტი?
_ქალბატონი სალომე ჩემში იწვევს სიმპათიას და დავუჭერ მხარს. იგი კარგი კანდიდატურა იქნება საქართველოსთვის და არა კონკრეტულად რომელიმე პარტიისთვის. ოპოზიციას ყურში მოხვდა, რომ, შესაძლოა, რაღაც თანამდებობა ერგოთ და უკვე აღარ იციან, რა მოაწყონ. პრეზიდენტის რეზიდენციას სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები საოცნებო სასახლედ წარმოადგენენ და ჰგონიათ, რომ იქ რაღაც მისტიკა არსებობს, რომელიც მათ მობრუნებას და პოლიტიკურ აღდგომას შეძლებს. ოპოზიცია გასულია პოლიტიკური ველიდან და მათ არც პრეზიდენტის კანდიდატი უშველის და არც იმ სასახლეში შესვლა. ვფიქრობ, დრო დგება, საერთოდ წავიდნენ ამ პოლიტიკური ცხოვრებიდან, იმიტომ, რომ ნელ-ნელა მათ მიმართ აგრესია მატულობს.
მკითხველს გვსურს შევახსენოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. წინასაარჩევნოდ ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ პრეზიდენტის როლი მასზე იყო ზედგამოჭრილი.
,,ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გახლდათ თვით ფუნქციების ჩამოწერა კონსტიტუციაში, რომელიც მთავარ, პირველივე აქცენტს აკეთებს პრეზიდენტის მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო ურთიერთობებში, რაც, მგონი, პირდაპირ ჩემზეა გამოჭრილი“, _ განაცხადა ზურაბიშვილმა ,,ტაბულასთან“ ინტერვიუში.
როდესაც ,,გურია ნიუსმა“ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა:
_ აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გარეშე?_ მან „გურია ნიუსის“ კითხვას არ უპასუხა, თუმცა, საკითხზე კომენტირებისას ხშირად აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დიდი ხანია ფიქრობს.