შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოადგილესთან, ნათია მეზვრიშვილთან ერთად, რამდენიმე დღის წინ თბილისში მძარცველის დაკავებისას დაჭრილი მოქალაქე – ლუკა ლორია საავადმყოფოში მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.
მიმდინარე წლის 28 ივლისს 2001 წელს დაბადებულმა ი.ს.-მ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ქუჩაზე, მოქალაქეს საფულე გასტაცა. მძარცველის დაკავებას შემთხვევის ადგილზე მყოფი, 1992 წელს დაბადებული ლუკა ლორია შეეცადა, რა დროსაც იგი ი.ს.-მ ცივი იარაღით დაჭრა. პოლიციამ მძარცველი მიმალვისას, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით დააკავა.
დაჭრილი ლუკა ლორია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.