პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.
როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილს მმართველი პარტია დაუჭერს მხარს. დღეს, ,,ქართული ოცნების“ წევრმა, ეკა ბესელიამ ღიად განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს პირველივე ტურში გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
,,სალომე ზურაბიშვილს აქვს ყველაზე მაღალი შანსი პირველივე ტურში გამარჯვების, ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია“, _ აღნიშნა ბესელიამ.
,,ცალკე აღებული სალომე ზურაბიშვილი კონკურენტუნარიანი ვერ იქნება“, _ გვეუბნება პოლიტიკის ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე.
ექსპერტის თქმით, ზურაბიშვილს, ყველაზე მნიშვნელოვანი _ საზოგადოების ნდობა არ გააჩნია.
,,ცალკე აღებული სალომე ზურაბიშვილი კონკურენტუნარიანი ვერ იქნება. შემიძლია გითხრათ, რომ საპარლამენტო არჩევნებშიც ვერ გაიმარჯვებს. ის პოპულარული იყო, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა და მაშინ თქვა, ქაჯები კი არ მიდიან, ქაჯები მოდიანო. ზურაბიშვილმა შემდეგ პარტია შექმნა, მაგრამ ყველაფერი მიტოვა და გაეროში წავიდა.
ფაქტობრივად, ზურაბიშვილს ამის შემდეგ არანაირი მონაწილეობა მიუღია, განცხადებების დონეზეც კი, იმ პოლიტიკურ პროცესებში, რაც საქართველოში ვითარდებოდა. არა მარტო ყოფილი პარტიები, არამედ საზოგადოებაც იმედგაცრუებულია ზურაბიშვილზე, ამიტომ ვამბობ, რომ მას შანსები არ აქვს.
საპრეზიდენტო არჩევნებში თუ მას მხარში დაუდგება ,,ქარული ოცენება“ ნიშნავს, რომ უბრალოდ, გაიმარჯვებს. ფაქტობრივად, ცალკე აღებულ ზურაბიშვილს გამარჯვების არანაირი შანსი გააჩნია. თუ ,,ქართულ ოცენებასთან“ განვიხილავთ გარანტირებული აქვს მოგება“, _ გვითხრა ძაბირაძემ.
ამ დრომდე უცნობია, ოქტომბრის რომელ რიცხვში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი თარიღს კვირის ბოლომდე დაასახელებს.