ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ისტორიულ დანაშაულს უწოდებს.
მისი განცხადებით, თუ მას ხალხი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩევს, ნარკოვაჭრობაზე სამუდამო პატიმრობას დააწესებს, ნარკოტიკების პროპაგანდა აიკრძალება, ხოლო დამნაშავე საკონსტიტუციო სასამართლო დაიშლება და საერთო იურისდიქციის სასამართლოს შეუერთდება.
„საშინელი განსაცდელის წინაშე დავდექით. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აქ იცხოვრებს ყველა, ქართველების გარდა და ამის შემქმნელი იქნება ეს კორუმპირებული ხელისუფლება, რომელმაც ვერ გაბედა, თვითონ გაეკეთებინა ნარკოტიკების ლეგალიზაცია და გააკეთებინა მორჩილ საკონსტიტუციო სასამართლოს.
მინდა ვკითხო ივანიშვილს, მთავრობის წევრებს _თუ დაუწვებით ნარკოტიკებით გაბრუებულ ქირურგს ოპერაციის გასაკეთებლად. თუ დაუჯდებით მარიხუანით დაბოლებულ მძღოლს, პილოტს, მემანქანეს მოგზაურობაში, თუ ენდობით ნარკოტიკული თრობის სტადიაში პროკურორის, მოსამართლის, პოლიციელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუ გაუშვებთ შვილებს ნარკომან ლექტორთან, მასწავლებელთან ცოდნის მისაღებად. აი, რა ტრაგედიამდე მიგვიყვანეს. დატოვეს ყოველგვარი სამართლებრივი რეგულირების გარეშე ნარკოტიკი, რომლიდანაც იწყება უფრო მძიმე ნარკოტიკების მიღება.
ეს ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ იმით, რომ ჯერ ბერა ივანიშვილის რეპი გამოქვეყნდა, სადაც ის სიმღერით მოუწოდებდა ნარკოტიკების ლეგალიზაციისაკენ. გამიგია, რომ ჩინეთი იმართებოდა მაოს დაძედუნიებით, დღეს საქართველო იმართება ბერა ივანიშვილის „უფლისწულის“ რეპით და ეს რეპი გახდა სახელმწიფო პოლიტიკის სავალდებულო ატრიბუტი. გასული წლის 17 ნოემბერს სიხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოიხსნა მარიხუანას მოწევისთვის, დღეს კი საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად მისცა ლეგალიზაცია ამ საშინელ და ახალგაზრდობისათვის გამანადგურებელ ნივთიერებას.
ბევრი მეუბნებოდა, რომ არ გინდა ამ თემაზე ხმის ამოღება, წინ საპრეზიდენტო არჩევნებია და ხმებს დაკარგავო, მაგრამ მე პრეზიდენტობა მინდა ახალგაზრდობისთვის, მათი გამრავლებისა და ბედნიერებისათვის. თუ ისინი იქნებიან ასეთი საშიშროების ქვეშ, მე არც პრეზიდენტობა მინდა და არც პოლიტიკოსობა. მე ჯერ მამა ვარ, ქართველი ვარ, ამ ქვეყნის შვილი ვარ და მინდა, რომ ამ ქვეყანას თავისი შვილები არ გამოელიოს.
ის საშინელება, რაც ივანიშვილმა მოახვია ხალხს თავზე, არის ერის გენოციდი. მე მოვუწოდებ ქვეყნის უმაღლეს ელიტას _ მინისტრებს, პროკურორებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ოპოზიციურ ლიდერებს, ყველამ გავიაროთ ნარკოტესტი, ჩამოიყვანონ საერთაშორისო ექსპერტიზა და მე მივალ პირველი ტესტის გასაკეთებლად.
საუბედუროდ, ამ ტესტირების შემდეგ გაირკვევა, რომ 40% ჩვენი უმაღლესი მმართველი ელიტის ნარკომომხმარებელია და მარტივად გაეცემა პასუხი კითხვას _ რა მოხდა და რა გველის კიდევ. ჩვენ ახალგაზრდობას არ დავთმობთ“, _ განაცხადა ნათელაშვილმა.