სისხლიანი გარჩევა კოჯრის სამხედრო ბაზაზე – გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიის რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლებულია, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისა და თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან ამავე აკადემიის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ზ.ზ. , აკადემიის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გ. ბ. , საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაური მაიორი ა. რ. , ასეულის მეთაურის მოადგილე უფროსი ლეიტენანტი ვ. მ. და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი სერჟანტი ა.გ. . საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების სარდლობის ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის, როგორც სამხედრო ქვედანაყოფის დაცვით უზრუნველყოფას არ ახორციელებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიის და მასზე განლაგებული ობიექტების დაცვას უზრუნველყოფს სერჟანტთა აკადემიის დაცვის ასეული. შესაბამისად, ობიექტის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი არიან სერჟანტთა აკადემიის შესაბამისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირები,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვას არა სამხედრო პოლიცია, არამედ თავად სერჟანტთა აკადემიის დაცვის ასეული უზრუნველყოფს.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კოჯრის სამხედრო ნაწილში სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჩხუბის შედეგად 5 ჯარისკაცი დაშავდა, მათგან 3 დაიჭრა. ინციდენტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.
შემთხვევა გუშინ, საღამოს 6 საათზე მოხდა, როდესაც სამხედროები სიგარეტის მოსაწევად სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე იმყოფებოდნენ.