შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს მათემატიკის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა. ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის ინფორმაციით მათემატიკის გამოცდაში საუკეთესო შედეგი ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გივი მდინარაძემ აჩვენა.
მან მაქსიმალური 59 ქულიდან 56 ქულა მიიღო.
_ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი არა მარტო მუნიციპალიტეტის, არამედ ქვეყნის მასშტაბით, _ გვითხრა სიხარულიძემ.
გივი მდინარაძე ჩოხატაურის ეტალონის ტიტულის მფლობელია.
უფრო მეტიც, მან გასულ წელს “საქართველოს ეტალონი მოსწავლის” ფინალში, სადაც 83 ბავშვი იღებდა მონაწილეობას, 87 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გივი მდინარაძეს სხვა საგნებშიც მაღალი შეფასებები აქვს.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური 80 ქულიდან 74 ქულა აიღო; ზოგად უნარებში, სადაც ქულათა მაქსიმუმი 80 იყო 71 ქულა; ხოლო ინგლისურ ენაში, რომლის ზღვარი 90 ქულას შეადგენდა გივი მდინარაძემ ყველაზე მაღალი შედეგი დადო და 86 ქულა დაიმსახურა.
ხაზგასასმელია კიდევ ერთი დეტალი _ ამ დრომდე გამოქვეყნებული საგნების შედეგებით ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ლიდერობენ. ამ სკოლის კურსდამთავრებულებმა საკმაოდ მაღალი შედეგები დადეს.
ამავე თემაზე: ქართულის გამოცდების შედეგები _ გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდან
ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები _ ვინ მიიღო ჩოხატაურში მაღალი ქულები
გამოცდები 2018 _ ინგლისურის ენის შედეგებით, ჩოხატაურში #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ლიდერობენ