ერთხელ ბატონი რომან გოცირიძე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ ამ განსაცდელს თავი საკუთარი მოხერხებულობით დაუძვრა.
„ბევრი ტკბილ-მწარე მოგონება დამიტოვა გამსახურდიას პერიოდმა. იმ ქალებს, “კარვის ქალებს” რომ ეძახდნენ, ყოველთვის გავურბოდი, რადგან ვიცოდი, კარგ დღეს არ დამაყრიდნენ. ერთხელ მაინც მოახერხეს ჩემი მოხელთება, ალყაში მომაქციეს და სანამ შუაზე გამგლეჯდნენ, ბრალდებები წამომიყენეს:
– აბა, ვაჟბატონო, გვიპასუხე, რატომ არ გიყვარს ჩვენი პრეზიდენტი?
– ვინ თქვა ეგ სისულელე! – ვიყვირე და ლიდერს მივაჩერდი, – მე რომ პრეზიდენტი მიყვარს, ნეტა, ისე ყველას უყვარდეს.
ყველა გაისუსა.
– გამსახურდიაზე ამბობს მაგას? – დაეჭვდა ლიდერი.
– რა თქმა უნდა, – ავუწიე ხმას, – ისე მიყვარს, ისე, რომ მისი ხათრით მეგრულიც კი ვისწავლე!
გალის რაიონში დაბადებულ-გაზრდილს მეგრული არ მეცოდინებოდა? იმათ ეს არ იცოდნენ და რომ დავიწყე ლაპარაკი, ძლივს გამაჩერეს.
– კარგი ბიჭი ყოფილხარ, – გული აუჩუყდა “ბელადს”, – ერთი გოგო უნდა გაგირიგო და ჩემს კარავში სამ გადახდილ ქორწილს, ბარემ, შენსასაც მივაყოლებთ“.