მოუწევს თუ არა ,,ქართულ ოცნებას“ სცენარის შეცვლა და დასახელდება თუ არა ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი?_ როგორც ცნობილია, ,,ქართული ოცნება“ არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს, თუმცა, შესაძლებელია, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს და მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დასახელება მოუწიოს.
მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ უცხადებს, რადგან გუნდის წევრები ელოდებიან როგორ შეხვდება დამოუკიდებელი დეპუტატის კანდიდატურას ქართველი ამომრჩეველი.
საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა:
,,შესაძლოა, ღიად დავუჭიროთ მხარი არჩევნებში მონაწილე რომელიმე უპარტიო და დამოუკიდებელ კანდიდატს, ან შესაძლოა, უარი ვთქვათ, რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, თუ აშკარა იქნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი აქტიური ჩართულობის გარეშეც შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე ზეპარტიული და დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა“, _ განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკის ექსპერტის, გია ხუხაშვილის თქმით, შანსი იმისა, რომ ,,ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური გეგმების შეცვლა მოუწიოს და ,,ქართული ოცნების“ ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი გახდეს, ძალიან მაღალია.
,,ქართულმა ოცნებამ“ ვითარება შეიყვანა ისეთ ფაზაში, რომ ბიძინა ივანიშვილი გახდება ერთადერთი გადამრჩენი სიტუაციის. თუ თვის ბოლომდე ისე წარიმართა პროცესები, რომ გამოიკვეთა ზურაბიშვილის უსუსურობა, ფაქტობრივად, ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი დარჩება ,,ქართულ ოცნებას“, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილი. მიუხედავად ამ უხარისხო თამაშისა და რაღაც პირობებისა, სალომე ზურაბიშვილისთვის გარანტია ,,ქართულ ოცნებას“ არ მიუცია, უბრალოდ, პირობა მისცეს, რომლის დარღვევა ყოველთვის შეუძლიათ.
ყველას კარგად ესმის, რომ სალომე ზურაბიშვილს ,,ქართული ოცნების“ აქტიური მხარდაჭერის გარეშე არანაირი შანსი არ აქვს არჩევნებში გამარჯვების, მეტიც, მას პირველ ხუთეულში მოხვედრაც გაუჭირდება. ამ ყველაფერმა თვის ბოლოსკენ, შეიძლება, შექმნას მოცემულობა, როდესაც ,,ქართული ოცნება“ იძულებული გახდება, რომ გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება. ეს გადასინჯვა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გაპრეზიდენტების სასარგებლოდ. ერთადერთი, ვისი კანდიდატობის შემთხვევაში შიდა რყევები არ მოხდება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა რომ არა სურს, არ არის ახალი, მაგრამ შეიძლება შეიქმნას ისეთი მოცემულობა, როდესაც სხვა ვარიანტი არ დარჩება. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება საერთოდ არ უნდოდა, თუმცა, მოუწია“, _ გვითხრა ხუხაშვილმა.
როგორ განვითარდება მოვლენები და დასახელდება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი, დაახლოებით, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.