2008 წლის 8 აგვისტოს ომის საშინელი დღეები ფოტოობიექტივში ფოთელმა ჟურნალისტმა ლაშა ზარგინავამ დააფიქსირა. მისი ფოტოები არაერთმა გამოცემამ და ტელევიზიამ გამოაქვეყნა.
“გურია ნიუსმა“ ლაშა ზარგინავას ფოტოგამოფენა ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოაწყო. ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილია 3 წლის ბიჭი, რომელსაც საქართველოს დროშა აქვს ტანზე შემოხვეული და რუსეთის აგრესიას აპროტესტებს.
ეს ბავშვი გიორგი გოგიჩაიშვილია. გიორგი ახლა 13 წლისაა და თბილისის #11 საჯარო სკოლაში სწავლობს.
გიორგი „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ რუსეთის ქმედებას ახლაც აპროტესტებს და 10 წლის წინ გადაღებულ ფოტოზე გვესაუბრება.
“ჩემი ქვეყნის დროშით იმიტომ გამოვედი, რომ გარკვეული წვლილი შემეტანა საქართველოს დაცვაში“, _ გვითხრა გიორგიმ.
გიორგის დედის, ქალბატონი შორენა ტურძელაძის თქმით, რამდენიმე წელია, საცხოვრებლად ფოთიდან თბილისში გადავიდნენ.
“გიორგი პატრიოტი ბავშვია. ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა და საქართველოზე არაერთი ლექსი იცის. ფეხბურთის აკადემიამ მიიწვია და ამის გამო თბილისში მოგვიწია საცხოვრებლად გადასვლა. ეს ფოტო აგვისტოს ომის დროს გადაიღო ჟურნალისტმა ლაშა ზარგინავამ, ძალიან ემოციებში ვიყავით იმ პერიოდში ყველანი“, _ გვითხრა მან და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საკუთარი აზრი გაგვიზიარა.
“ჩემმა შვილმა წელს ჩააბარა მოსკოვის უცხო ენათა უნივერსიტეტში და იქ იწყებს განათლების მიღებას. ჩემი მოსაზრება საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე არის მყარი _ რუსეთი ოკუპანტია და მას აქვს მითვისებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. ასევე, ვფიქრობ, რომ რუსეთის მოქალაქეები, უბრალო ხალხი აქ არაფერ შუაშია, მათ ჩვენ ვერაფერს დავაბრალებთ. ის, რაც ხდება დღეს და წლების მანძილზე, არის პოლიტიკოსების ბრალი. ოთხი წელია ტურიზმის სფეროში ვმუშაობ და ვიცი, დიდი რაოდენობით ჩამოდიან საქართველოში რუსი ტურისტები, ხომ არ აუკრძალავენ მათ შემოსვლა? _ ეს არ იქნება მართებული“, _ გვითხრა გიორგის დედამ.
2008 წლის 8 აგვისტოს ომს “გურია ნიუსთან“ ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა იხსნებს:
“ფოთი, როგორც სტრატეგიული ქალაქი, ოკუპანტების სამიზნე საქართველოში შემოღწევისთანავე გახდა. რუსული ჯარები მიდიოდნენ და პოზიციებს იკავებდნენ ყველგან, სადაც ამის სურვილი ჰქონდათ, რადგან წინააღმდეგობის გამწევი არავინ დარჩა. წინააღმდეგობის მშვიდობიანი ფორმით გაწევის იდეა საზოგადოებაში, მოგვიანებით წამოვიდა. ეს ფოტო, ფოთის მერიასთან, 2018 წლის 21 აგვისტოს გადავიღე, რუსი ოკუპანტების ქალაქში ყოფნით აღშფოთებული მოსახლეობის მიერ ორგანიზებული აქციიის წინ. როდესაც აქციის ძირითად მასას გავეცალე, დავინახე ეს ბიჭი, გიორგი, რომელიც განაპირა იდგა. თუმცა, იმხელა ემოცია ეწერა სახეზე, რომ მისი არ გადაღება, შეცდომა იყო. ამ ფოტომ, ომის შემდგომ პერიოდში მსოფლიო მოიარა და დღეს, როდესაც ის, არც მე და არც სხვას, ამ ათი წლის განმავლობაში არავის გვინახავს, მიხარია, რომ „გურია ნიუსი“ დაინტერესდა და მისი მკითხველი ნახავს!
„გურია ნიუსი“, ამ შემთხვევაში, შემთხვევითი მედია საშუალება არ არის, რადგან თქვენ, ჩემი მეგობრები იყავით ყველაზე ახლოს ჩემს პრობლემებთან, ეხმარებოდით ფოთიდან გახიზნულ რამდენიმე ოჯახს, ყველაფრით და მეხმარებოდით მე, თქვენს მეგობარს, რათა მქონოდა გარესამყაროსთან მობილური და ინტერნეტ კავშირი. ია მამალაძეს, ამისთვის, მთელი ცხოვრება ვეტყვი მადლობას!“– გვეუბნება ლაშა ზარგინავა.