საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, მოიპოვა მისი ნდობა და მოტყუებით დაარწმუნა, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მაღალი რანგის სხვადასხვა თანამდებობის პირის დახმარებით, საკუთრებაში გადასცემდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ კორპუსში არსებულ 4-ოთახიან ბინას.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული თანხის ნაწილის – 3 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.