საქართველოში ნადირობის სეზონი დღეიდან დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას, თან უნდა იქონიონ დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2018-2019 წლების სანადირო სეზონისთვის ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო (გვიძინი), ჩვეულებრივი გვრიტი, ღალღა და ჩიბუხელა (გარშნეპი) ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნადირობა ნებადართულია 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 15 თებერვლამდე.
სამინისტროს ნორმატიულ აქტში ცვლილებაა. ხანძრების გამო, სანადიროდ ნებადართული ადგილები შემცირდა.
საქართველოში, დღეისათვის, 40 000-ზე მეტი მონადირეა რეგისტრირებული.
ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.