რას აპირებს ,,ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში _ დაასახელებს საკუთარ კანდიდატს თუ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას? როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარისგან გახდა ცნობილი, ,,ქართული ოცნება“ საკუთარ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 8 სექტემბრის შემდეგ გააჟღერებს.
მანამდე კი, პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ აზრი ორად არის გაყოფილი, დეპუტატები ვერ თანხმდებიან მმართველმა პარტიამ დაასახელოს საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი თუ მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს.
თავად მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების“ პოზიცია უცვლელია.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, ,,ქართული ოცნების“ პოზიცია არ შეცვლილა და პარტია დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად ემზადება.
,,ჩვენ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, მივიღებთ გადაწყვეტილებას მაშინ, როცა დასრულდება ყველა კანდიდატურის რეგისტრაცია. ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნდის პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პრემიერმა განაცხადა, რომ გუნდში არის განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ გუნდის უმრავლესობა შეთანხმდა იმაზე, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ დამოუკიდებელ კანდიდატს.
საერთოდ, პრეზიდენტის უფლებებიდან გამომდინარე, ვეთანხმები არგუმენტაციას, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს პარტიული კანდიდატი. გუნდის უმრავლესობაც ამ პოზიციას ეთანხმება, შესაბამისად, ეს პოზიცია არ გადახედილა“, _ უთხრა ,,გურია ნიუსს“ ზოიძემ.
პოლიტოლოგისა და კონსტიტუციონალიტის, ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საზოგადოებისთვის უცნობი ფიგურაც რომ წარადგინოს, გამარჯვებას მოიპოვებს. ძაბირაძე საკითხზე ,,გურია ნიუსთან“ საუბრობს.
,,ქართულ ოცნებას“ მოგვარებული აქვს ფინანსური მხარე, მოგვარებული აქვს პიარის მხარე. ასე ვთქვათ, სახელმწიფო მაგიდა აქვს გაწყობილი და ვის დასვამენ სუფრის თავში თამადად, ეს არის საინტერესო. ოპოზიციის ფლანგზე არის ისეთი მდგომარეობა, რომ, ვინც არ უნდა დაასახელოს ,,ქართულმა ოცნებამ“ სრულიად უცხო კანდიდატიც კი, გაიმარჯვებს. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი პოლიტიკური ვითარებაა დღეს ქვეყანაში. უარეს შემთხვევაში, იქნება მეორე ტური და მაინც ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელსაც ,,ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს“, _ გვითხრა ძაბირაძემ.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.