“ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრა პარტიის გურულ აქტივთან ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრიდან გამოსული ხმებით ირკვევა, რომ დარბაზში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა.
პარტიის წევრები კახი კალაძეს და ირაკლი კობახიძეს ოზურგეთში არსებულ სიტუაციას აცნობენ და კითხულობენ, რატომ არ ადარდებს პარტიას და პრემიერს იმ ადამიანების ბედი, რომელთა წვლილი დიდია “ოცნების” ხელისუფლების მოყვანაში.
_ პრემიერმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვა გურიის გუბერნატორი. ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი აქვს პარტია “ქართული ოცნების” გამართულად მუშაობაში. ეს გააკეთა იმ ფონზე, როცა სოციალურ ქსელში ასობით დადებითი კომენტარი იყო და გურულები მოუწოდებდნენ პრემიერს, რომ გურიისთვის მერაბ ჭანუყვაძე არ ჩამოეშორებინა.
პრემიერმა ამით შეურაცხყოფა მიაყენა პარტიის აქტივს და განმარტებაც კი არ ისურვა. საინტერესოა, აქვს მას უფლება, რომ ხალხს არ მოუსმინოს და ხალხის გვერდის ავლით მიიღოს გადაწყვეტილებები? _ ისმის დარბაზიდან ქალბატონის ხმა.
_ ჩვენ არ ვბრაზობთ მხოლოდ ერთი ადამიანის, ამ შემთხვევაში მერაბ ჭანუყვაძის გამო. ის ახალგაზრდა კაცია და თავის გზას იპოვის. ჩვენ ვბრაზობთ იმიტომ, რომ დავრჩით მარტო. არც ერთხელ, პარტიის არც ერთ წევრს არ უკითხავს, რა გვიჭირს, რა გვილხინს. ჩვენი ბედით არავინ დაინტერესებულა არც მაშინ, როცა ოზურგეთის მერმა “ქართული ოცნების” წევრები სამსახურიდან გამოყარა. რომ არა მედია, ამას საზოგადოებაც ვერ გაიგებდა.
იქნებ აგვიხსნათ, რა ხდება, რატომ ხდება? თუ “ნაციონალებს” აბარებთ ხელისუფლებას, ესეც გვითხარით და ჩვენ ჩვენ გზას ვეწევით, _ აღნიშნა კიდევ ერთმა გამომსვლელმა.
_ მოიკითხეთ, ოზურგეთის მერმა მთელი სანათესაო დაასაქმა, არავინ დატოვა დაუხმარებელი, მაგრამ თუკი “ოცნების” გაჭირვებული წევრი მივიდა, წამლის ფულსაც არ ჩაურიცხავს და ეს უკვე თვეებია, გრძელდება, _ კობახიძეს და კალაძეს არსებულ სიტუაციას აცნობს მამაკაცი.
დარბაზში მყოფი ადამიანები პარტიის ლიდერებიდან ასევე ითხოვენ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ ჭიანურდება ოზურგეთის მერის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება:
_ ერთ საქმეს სუსი იძიებს, მეორეს _ პროკურატურა. ყოველ კვირაში ახალი დარღვევის და დანაშაულის შესახებ ვიგებთ, თუმცა, ხელისუფლება დუმს. ვერ ვხდებით რატომ, რატომ პატიობთ ამდენ დანაშაულს ადამიანს, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიყვანა მერად და რომელიც “ოცნების” წევრებს დევნის?! _ კითხულობენ პარტიის აქტივისტები.