“ომი გინდათ? მიიღებთ!” _ ასე უპასუხა “ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრმა სოსო ერქომაიშვილმა მმართველი პარტიის წევრების ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, ის წინასაარჩევნო პერიოდში „ოცნების” კანდიდატის წინააღმდეგ მუშაობდა.
პარტიის წევრებმა, შეხვედრაზე, რომელსაც კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ, ერქომაიშვილს მოღალატე და გამყიდველი უწოდეს.
ჩვენი წყაროს თქმით, ერქომაიშვილმა თავის მართლება სცადა, თუმცა, პარტიის რეგიონების კურატორმა, დეპუტატმა დიტო სამხარაძემ მას საუბრის გაგრძელების საშუალება არ მისცა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მათ სიტყვებს ადასტურებს და არაერთი მიმოწერა არსებობს, რომელშიც ერქომაიშვილი „ოცნების” კანდიდატის ოზურგეთის ყოფილი მერის ბეგლარ სიორიძის წინააღდეგ მუშაობდა და ამისკენ სხვებსაც მოუწოდებდა.
როგორც გავარკვიეთ, შესაბამისი მტკიცებულებები შეხვედრის დასრულების შემდეგ კახი კალაძეს და ირაკლი კობახიძეს გადასცეს.
ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე უფრო მეტი ინფორმაცია სოსო ერქომაიშვილისგან მოგვეპოვებინა, თუმცა, მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.