სკოლებში ქართული ენის გრამატიკის გაკვეთილები, მე-5, მე-6 კლასებში ცალკე ჩატარდება. როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, მასწავლებლის გადასაწყვეტია, რამდენ საათს დაუთმობს ენის გაკვეთილს, მაგრამ ენის გრამატიკული ასპექტი აუცილებლად გამოყოფილი უნდა იყოს. ამის შესახებ განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ჩიქობავამ თქვა.
“აქამდე ქართული ენა და ლიტერატურა გვქონდა და ცალკე ენის კომპონენტი გამოყოფილი არ იყო. მასწავლებლის გადასაწყვეტია, რამდენ საათს დაუთმობს ენის გაკვეთილს, მაგრამ ენის გრამატიკული ასპექტი აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი. მაგალითად, კვირაში თუ 5 საათია ენასა და ლიტერატურაზე გამოყოფილი, აქედან მასწავლებელმა თვითონ უნდა განსაზღვროს რამდენი საათი იქნება ენის გაკვეთილი. შესაძლებელია ინტეგრირებული იყოს ლიტერატურის გაკვეთილთანაც, თუმცა, შესაძლებელია ცალკე საათიც დაუთმოს, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს. ამის თხოვნა თვითონ მასწავლებლებისგანაც მოდიოდა, რომ ცალკე ჩაეტარებინათ ენის გაკვეთილები მოსწავლეებისთვის; ამას აქამდეც არავინ უშლიდათ, მაგრამ მკაფიოდ გამოკვეთილი არ იყო“, – განაცხადა ჩიქობავამ.