„გურია ნიუსს“ მოქალაქეები გამუდმებით მომართავენ ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით გადასაადგილებლად საფრთხის შემცველი გზის თაობაზე. ჩვენც არაერთხელ დავწერეთ აღნიშნული პრობლემის შესახებ. ორმოები, ღრმულები, გადათხრილი და ჩაზნექილი ადგილები ისეა ერთმანეთზე გადახლართული, რომ მძღოლები ერთმანეთისთვის გვერდის ავლას გაჭირვებით ახერხებენ.
მძღოლები, რომლებიც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილდებიან, ამბობენ, რომ გზა სასაკლაოდაა ქცეული. თითოეული მათგანი ავარიის რისკის ქვეშ დგას და გარდა ამისა, ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც ფუჭდება.
„კატასტროფულად ცუდი მდგომარეობაა გზაზე. მანქანებს ერთმანეთისთვის გვერდის ავლა უჭირთ. საათობით ვდგავართ. მაინცდამაინც უბედურება უნდა დატრიალდეს, რომ ამ გზას მიხედონ?“ _ ამბობენ ისინი.
„გურია ნიუსი“ კიდევ ერთხელ შეეცადა, გაერკვია, როდის დაიწყება გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია.
როგორც გავარკვიეთ, გზა, რომელიც საჯავახო-ქობულეთის სტატუსს ექვემდებარება, 49-ე და 54-ე კილომეტრზე, მალე კაპიტალურად შეკეთდება.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ტენდერი უკვე დასრულდა და გაიმარჯვა შპს „New Road“-ი, რომელიც სახელმწიფოს მიერ დიდი ხანია შემსყიდველთა თეთრ სიაშია შეყვანილი.
„გურია ნიუსთან“ საუბარში, შპს გზამშენი -18“-ის ხელმძღვანელმა თემურ ჯახვამ თქვა, რომ მალე დაიწყება სამუშაოები და ცხრა თვის ვადაში დასრულდება.
მისი ინფორმაციით, მოსაგვარებელია ტექნიკური საკითხები და სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დაიწყება.