საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების“ პოზიცია უცვლელია. როგორც ,,გურია ნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.
ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია „გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ მმართველი პარტია საკუთარ გადაწყვეტილებას 8-დან 10 სექტემბრამდე გამოაცხადებს.
,,პირველ რიგში, ის გადაწყვეტილება, რომ მმართველმა გუნდმა არ დაასახელა საპრეზიდენტო კანდიდატი, მიღებულია უმრავლესობაში და აქედან გამომდინარე, თუ ეს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს, ისევ უმრავლესობის ფორმატში მოხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.
რაც შეეხება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერას, გამოცხადებულია, რომ 8-დან 10 სექტემბრამდე გახდება ცნობილი, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს ,,ქართული ოცნება“.
დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ბევრად უფრო დიდი მხარდაჭერით ისარგებლებს, ვიდრე სხვა საპრეზიდენტო კანდიდატი. არამგონია, ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილების შეცვლა იგეგმებოდეს“, _გვითხრა ბუკიამ.
დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს ფრაქცია ,,კონსაერვატორების“ ლიდერი ზვიად ძიძიგური.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.