მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში საველე ტექნიკური სამუშაოები დაიწყო.
სოფელ ზარიძეების საპილოტო არეალზე პროექტის საველე ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში მომზადდება მიწის ნაკვეთების აზომვითი/აგეგმვითი ნახაზები, მოხდება მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის მოძიება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მქონე პირებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესახებ, ასევე დაინტერესებულ პირები მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილზევე მიიღებენ შესაბამის კონსულტაციას. სოფელ ზარიძეებში ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდგომ მოძიებული ინფორმაცია სამართლებრივად დამუშავდება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ ინფორმირების მიზნით, პროექტის წარმომადგნელები სოფელ ზარიძეების მოსახლეობას შეხვდებიან. შეხვედრა 7 სექტემბერს, 12:00 საათზე, მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე სკვერში გაიმართება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარიძეები ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი ხორციელდება.
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება. (R)