“შემთხვევით, ფეისბუქის მეშვეობით ვგებულობ, რომ თურმე, გუნდი, რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობ, დიდ ცვლილბებშია…
ისეთი საჯარო ინტერესის მქონე თემაზე, როგორიც “ლანჩხუთის გურიაა “, ვფიქრობდი, მინიმუმ მოსაზრების დაფიქსირებას საშუალება მაინც მომეცემოდა გადაწყვეტილების მიღებამდე“, _ ასე ეხმაურება ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საფეხბურთო კლუბი „გურია“, პირობებიანი აუქციონის წესით მართვის უფლებით შპს „ლაიონს ბილდინგ დეველოპმენტს“ გადაეცემა.
ნინო წილოსანი “გურია ნიუსთან” საუბარისას ამბობს, რომ ეს თემა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას დამოუკიდებლად არ უნდა გადაეწყვიტა:
_ ძალიან გაკვირვებული ვარ. გულსატკენი იყო, რომ ამხელა საჯარო ინტერესის მქონე თემაზე არავის არაფერი ჰკითხეს _ მინიმუმ მსჯელობა უნდა გამართულიყო არა მარტო ჩემთან, არამედ გუნდის გულშემატკივრებთან, რომელთა რაოდენობაც საკამოდ დიდია, _ აღნიშნავს წილოსანი.
დეპუტატის თქმით, საკრებულოზე საკითხის ნაჩქარევად გატანა კითხვის ნიშნებს ბადებს:
_ ასე ნაჩქარევად ამ საკითხის გატანა ჩემში ბევრ კითხვებს ბადებს. თავადაც ამბობენ, რომ პირობებზე ჯერ არ უსაუბრიათ. არ მესმის, თუ ასე იყო რატომ იყო საკრებულოს სხდომაზე საკითხის ნაჩქარევად გატანა და თანხმობის მიცემა.
მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ისევე როგორც ნებისმიერ სხვა თემაში, ამ თემაზეც ძალიან კრიტიკული ვიქნები, რადგან არასწორად არ განვითარდეს პროცესები.
_ ქალბატონო ნინო, ცოტა უცნაურია… იმ კომპანიის მფლობელი, რომელსაც “გურია” უნდა გადაეცეს წილოსანია და დავიჯეროთ არ იცნობთ?
_ გეთანხმებით, ესეც ძალიან საინტერესო თემაა. მინიმუმ იმის გამო, რომ ერთი გვარი გვაქვს უნდა ეკითხათ _ ეგებ ვიცნობდი ამ ადამიანს, იქნებ უკეთესს პირობებზე ვითანხმები! რაც შეეხება ნაცნობობას, არა, არ ვიცნობ. საერთოდ არ ვიცი ვინაა და ნათესაობაშიც კი არ მყავს ზურაბ წილოსანი. ძალიან სასაცილო სიტუაციაა, უფრო სერიოზული შეფასება რომ არ მივცე.
_ სერიოზული შეფასებაც საინტერესოა…
_ მე არც პირობები ვიცი, არც ის ვიცი რაზე ისაუბრენ, რაზე შეთანხმდნენ. იქნებ, ძალიან კარგი პირობები აქვთ, მაგრამ ამ ყველაფრის ასე ფორსირებულად გაკეთება, პირადად ჩემში კითხვის ნიშნებს ბადებს, _ გვითხრა დეპუტატმა და დასძინა, რომ “მინიმუმ ურთიერთობის და კომუნიკაციის საკითხია”, რომ საზოგადოებისთვის ასეთ საინტერესო საკითხზე საქმის კურსში გუნდის გულშემატკივრები ჩაეყენებინათ.
ჩვენ შევეცადეთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაც გაგვეგო და ალეკო სარიშვილს დეპუტატის განცხადების შესაფება ვთხოვეთ, თუმცა, მან კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრა.
კომენტარის გაკეთებაზე, ასევე, უარი თქვა საკრებულოს თავმჯდომარემაც:
_ მე არ ვიცი ვინ რა განცხადება გააკეთა. არ ვიცი, არაფერი არ ვიცი ამასთან დაკავშირებით და არც არაფერ კომენტარს გავაკეთებ,. მოვლენები განვითარდება და ყველა დაინახავს რაც მხოდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბესო ტაბიძემ.