ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში 2 ფოსფორის ბომბი ჩამოაგდო, რამაც ხანძარი და სოფელი ჰაჯინის განადგურება გამოიწვია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი დასაყრდენი იყო. ამის შესახებ REUTERS-ის ინფორმაციით, რუსეთი აცხადებს, თუმცა, პენტაგონი ფოსფორის ბომბების გამოყენებას უარყოფს.
როგორც პენტაგონში ამბობენ, არცერთ სამხედრო დანაყოფს ფოსფორის ბომბი არ აქვს.
როგორც ცნობილია, ფოსფორის ბომბი თეთრ კვამლს აჩენს და გამოიყენება როგორც ხანძრის გამჩენი მოწყობილობა.
მაუწყებლის ინფორმაციით, სირიის კონფლიქტში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კოალიციის მიერ ფოსფორის ბომბების გამოყენების შესახებ საუბრობენ უფლებადამცველი ორგანიზაციებიც.
ისინი დასახლებულ ზონებში ფოსფორის ბომბების გამოყენებას ეწინააღმდეგებიან, რადგან ამ სახეობის ბომბს ადამიანის სიკვდილის გამოწვევის გარდა, ძვლის დაწვაც შეუძლია.