საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი ნარკოტიკული საშუალების, კანაფის ქართულ სამზარეულოში გამოყენების პრაქტიკაზე საუბრობს. სუბარის თქმით, რამდენიმე ათეული წლის წინ, სვანურ ოჯახში კანაფით დამზადებულ ხაჭაპურს მიირთმევდნენ, ფხალში კი მისი გამოყენება ერთგვარი ტრადიცია იყო. აღნიშნულის შესახებ სუბარმა ,,TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.
,,შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ხაჭაპურში, ჭვიშტარში, კანაფი არის ჩვეულებრივი ინგრედიენტი, რომელიც არის სვანეთში გავრცელებული. რამდენიმე ათეული წლის წინ ნებისმიერ ოჯახში მზადდებოდა კანაფისგან ხაჭაპური. ნებისმიერი გასვენების აუცილებელი ინგრედიენტი იყო ფხალი, რომელიც მზადდებოდა კანაფის თესლისგან. ცხადია, მასში ნარკოტიკის შემცველობა იყო ნულოვანი, იმიტომ, რომ თერმული დამუშავების შემდეგ, იქ არაფერი რჩება“, _ თქვა სუბარმა.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვით, მარიხუანის ექსპორტი ლეგალური ხდება, კომიკური განცხადებები გაკეთდა მმართველ პარტიაში. ,,ქართული ოცნებიდან“ გუგული მაღრაძე კანაფის წარმოებას სოფლის მეურნეობის კულტურას უწოდებს და დასძენს, რომ სიმინდთან, ლობიოსთან და მალინასთან ერთად ფერმერებს არც კანაფის მოყვანა გაუჭირდებათ.