მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა, რომლის მიხედვით, ავტორები ზურაბიშვილისგან მოითხოვენ საპრეზიდენტო არჩევნებში მოხსნას საკუთარი კანდიდატურა იმ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო, რომლებსაც ზურაბიშვილი წლების განმავლობაში ავრცელებს.
,,მიგვაჩნია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ღიად და დაუფარავად ატარებდა და ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ვნებს ქვეყნის დეკლარირებულ დასავლურ კურსს და ღირებულებებს. მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ავრცელებდა და ავრცელებს საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, კერძოდ კრემლის ნარატივს და გზავნილებს, ვერ შეასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრ პასუხისმგებლობას და ვერ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და განვითარების გარანტი“, _აღნიშნულია პეტიციაში
ამ ეტაპზე პეტიციას 900-მდე ხელმომწერი ჰყავს.